ნარკოტიკული ინტოქსიკაციის სამართლებრივი და სამედიცინო ასპექტები - ეს იყო ძირითადი საკითხები, რაზეც მთავარი აქცენტები გაკეთდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარებულ საჯარო ლექციაზე. მომხსენებელმა, თსსუ-ის ფარმაცევტული ბოტანიკის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა მალხაზ ჯოხაძემ, სტუდენტებთან შეხვედრისას ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სამართლებრივი შეფასების მნიშვნელობას, მათ შორის, ნარკოტიკებით გამოწვეული ლეტალური შემთხვევების გამოძიების პროცესში ტოქსიკოლოგიური ანალიზის როლს.
სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია პოსტმორტემული ტოქსიკოკინეტიკის თავისებურებების შესახებაც, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისა და მართლმსაჯულებისთვის.
ლექციამ - "ნარკოტიკული ინტოქსიკაციის სამართლებრივი შეფასება და პოსტმორტემული ტოქსიკოკინეტიკა: ტოქსიკოლოგიის როლი მართლმსაჯულებაში" -სტუდენტების დიდი ინტერესი გამოიწვია. მსმენელმა დასვეს შეკითხვები, მათ შორის, ნარკოტიკული ნივთიერებებით ინტოქსიკაციის მართვის მიმართულებით არსებული პრაქტიკის შესახებ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
საჯარო ლექცია თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობისა და საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა.