თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საფაკულტეტო და საუნივერსიტეტო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების ციკლი მიმდინარეობს.
11 ივნისს მედიცინის ფაკულტეტის ახალგაზრდა მკვლევრებმა ქირურგიის, გადაუდებელი მედიცინის, პედიატრიის მიმართულებით ჩატარებული კვლევები და კლინიკური შემთხვევები წარმოადგინეს.
ქირურგიის სექციაში განიხილეს თემები, რომლებიც ეხებოდა ბავშვთა ასაკში საზარდულის თიაქრის ქირურგიული მკურნალობის მეთოდების შედარებით ანალიზს, ორსულ პაციენტში ლაპაროსკოპიული ღვიძლის ექინოკექტომიის იშვიათ კლინიკურ შემთხვევას, დაგვიანებული მიმართვიანობის გავლენას მუცლის მწვავე ქირურგიული პათოლოგიების კლინიკურ გამოსავალზე, ბარიატრიული ქირურგიის სამედიცინო და სოციალურ ასპექტებს, ორსულობამდე არსებული სიმსუქნის გავლენას სამეანო შედეგებზე, ასევე დიაბეტური ტერფის კომპლექსური მართვის თანამედროვე მიდგომებს.
გადაუდებელი მედიცინის მიმართულებით სტუდენტებმა წარმოადგინეს კვლევები ჰემატოლოგიური მაჩვენებლების კავშირზე მწვავე პანკრეატიტის სიმძიმესთან, ასევე COVID-19-ის მიმდინარეობის თავისებურებებზე ორსულებსა და ახალშობილებში.
პედიატრიის სექციაში ყურადღება დაეთმო იშვიათ გენეტიკურ და ნევროლოგიურ დაავადებებს. მონაწილეებმა განიხილეს ინფანტილური ნეიროაქსონური დისტროფიის კლინიკური შემთხვევები, მათ შორის PLA2G6-ასოცირებული ფორმა, რომელიც გართულებული იყო მძიმე პნევმონიითა და მწვავე რესპირატორული უკმარისობით. ასევე წარმოდგენილი იყო კვლევები ჭარბწონიან ბავშვებში ინსულინრეზისტენტობისა და თირეოიდული რეგულაციის კლინიკურ-ბიოქიმიური ასპექტების შესახებ, ციფრული ნეიროპათიების გავრცელებაზე მოზარდებში, დედობრივი ზრუნვის გავლენით გამოწვეულ ეპიგენეტიკურ ცვლილებებზე და ნეკროზული ენტეროკოლიტის თანამედროვე გამოწვევებზე.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა პოსტერული პრეზენტაციებიც. მონაწილეებმა წარადგინეს იშვიათი გენეტიკური დაავადების – Jarcho-Levin Syndrome-ის კლინიკური შემთხვევა, ასევე საქართველოში ქოლეცისტიტის შემთხვევათა რაოდენობის ანალიზი 2024-2025 წლებში ერთ-ერთი კლინიკის მონაცემებზე დაყრდნობით.
სამეცნიერო ნაშრომები და კლინიკური შემთხვევები მომზადდა საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის, ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების, სტუდენტური სამეცნიერო-კვლევითი კლუბ „ნექსუსისა“ და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის წევრთა მონაწილეობით.
ღონისძიებებში, რომელიც 25 ივნისამდე გაგრძელდება, მონაწილეობას იღებენ როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ისე საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები. მონაწილეები საკუთარი კვლევების შედეგებს ვერბალური და პოსტერული მოხსენებების ფორმატში წარადგენენ.
საფაკულტეტო კონფერენციების ფარგლებში წარმოდგენილ ნაშრომებს აფასებს შესაბამისი დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჟიური. კონფერენცია 7 სექციისგან შედგება, თითოეული სექციიდან გამოვლინდება სამი საუკეთესო მონაწილე, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც 24 ივნისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართება.
კონფერენციის შედეგების მიხედვით გამარჯვებული სტუდენტების აბსტრაქტები გამოქვეყნდება სამეცნიერო ჟურნალში, რაც ახალგაზრდა მკვლევართა სამეცნიერო საქმიანობის პოპულარიზაციასა და მათი აკადემიური მიღწევების წარმოჩენას შეუწყობს ხელს.
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებში გამარჯვებული მონაწილეების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება 25 ივნისს გაიმართება.