საერთაშორისო კონფერენცია - „გასტროენტეროლოგიური პრობლემები და მუცლის ღრუს ქირურგია ახალშობილებში“ - თსსუ-ში

საერთაშორისო კონფერენცია - „გასტროენტეროლოგიური პრობლემები და მუცლის ღრუს ქირურგია ახალშობილებში“ - თსსუ-ში

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ორდღიანი კონფერენცია გაიმართა - „გასტროენტეროლოგიური პრობლემები და მუცლის ღრუს ქირურგია ახალშობილებში“. ღონისძიება თსსუ-ისა და ორგანიზაცია „Save The Tiny Life“ („გადაარჩინე პატარა სიცოცხლე“) მხარდაჭერით ჩატარდა, საქართველოს ბავშვთა ქირურგთა ასოციაციასა და ბავშვთა გასტროენტეროლოგიის, ჰეპატოლოგიისა და ნუტრიციოლოგიის ასოციაციასთან თანამშრომლობით. 

კონფერენცია ნეონატოლოგიის, პედიატრიული ქირურგიისა და ბავშვთა გასტროენტეროლოგიის მიმართულებით თანამედროვე მიღწევებსა და არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა.

ღონისძიება თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა გახსნა. მისივე განცხადებით, მსგავსი ტიპის კონფერენციები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, რადგან აერთიანებს როგორც თერაპიულ, ისე ქირურგიულ მიმართულებებს და ხელს უწყობს გამოცდილებისა და თანამედროვე სამედიცინო ინფორმაციის გაზიარებას ქართველ და უცხოელ კოლეგებს შორის.

„დღეს ვსაუბრობთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება ახალშობილთა ჯანმრთელობას. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს პროფესიულ განვითარებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და ნდობის ამაღლებას,“ - აღნიშნა თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა. 

კონფერენციის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თეა გიორგაძემ. მისი თქმით, კონფერენცია ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თემას - მომავალი თაობის ჯანმრთელობას ეძღვნება.

„გასტროენტეროლოგიური და მუცლის ღრუს პრობლემები ახალშობილებში განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. მსგავსი ფორმატის შეხვედრები კი ექიმებს შორის ცოდნის, გამოცდილებისა და კლინიკური შემთხვევების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობას ქმნის.“ - განაცხადა თეა გიორგაძემ.

ღონისძიების მნიშვნელობასა და გერმანელი პროფესორების მხარდაჭერაზე ისაუბრა ორგანიზაცია STL-ის დამფუძნებელმა, ნეონატოლოგმა თინათინ ქურდაძემ:

“ორგანიზაციის მთავარი მიზანია საქართველოში ნეონატოლოგიისა და პედიატრიის განვითარების ხელშეწყობა და ევროპული სამედიცინო გამოცდილების გაზიარება. ამ პროცესში მუდმივად გვეხმარებიან ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის წამყვანი სპეციალისტები, განსაკუთრებით პროფესორი ბიურერი, რომელიც წლების განმავლობაში აქტიურად გვიჭერს მხარს. ჩვენი საქმიანობა მხოლოდ ექიმების პროფესიულ განვითარებაზე არ არის ორიენტირებული,  ჩვენ მხარს ვუჭერთ მშობლებსა და ექთნებსაც.“ 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქართველი და გერმანელი (Charitè Universitätsmedizin Berlin) ნეონატოლოგები, ქირურგები და გასტროენტეროლოგები. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დისკუსიები ქართველ და უცხოელ ექიმებს შორის.

ორდღიანი კონფერენცია, რომელიც 15-16 მაისს ჩატარდა, მოიცავდა ზეპირ პრეზენტაციებსა და პანელურ დისკუსიებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა: ნეკროზული ენტეროკოლიტი და მუცლის ღრუს ქირურგია დღენაკლებში, მეკონიუმის ობსტრუქცია და ახალშობილის კვება, საყლაპავის ატრეზია, სანაღვლე გზების ატრეზია და ჰირშპრუნგის დაავადება. 

კონფერენციის ფარგლებში თსსუ-ის რექტორმა, პროფესორმა ირაკლი ნატროშვილმა, ბონის უნივერსიტეტის პროფესორს და თსსუ-ის საპატიო დოქტორს, პროფესორ მიხაელ ლენცეს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.