სტუდენტთა წარმატება და თანამშრომლობის ახალი გზები – თსსუ-მ Erasmus+ საერთაშორისო კვირეულში მიიღო მონაწილეობა

სტუდენტთა წარმატება და თანამშრომლობის ახალი გზები – თსსუ-მ Erasmus+ საერთაშორისო კვირეულში მიიღო მონაწილეობა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს Erasmus+ KA171 საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტში (პოლონეთი) გამართულ საერთაშორისო კვირეულში (International Staff Week).

ღონისძიება, რომელიც 2025 წლის 26-30 მაისს გაიმართა, აერთიანებდა ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტის პარტნიორ უნივერსიტეტებს სხვადასხვა ქვეყნიდან. შეხვედრაზე თსსუ-მ წარადგინა უნივერსიტეტის სტრატეგიული ხედვა და ძირითადი საგანმანათლებლო მიმართულებები, რამაც მაღალი ინტერესი გამოიწვია. თსსუ-იმ პარტნიორებს და კვირეულის მონაწილეებს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საუნივერსიტეტო კლინიკების, სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტების, სტუდენტური ცხოვრებისა და უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ. 

ვიზიტის მიზანი იყო, რომ მომდევნო სასწავლო წელს გაცვლით პროგრამებში უფრო მეტი სტუდენტი ჩაერთოს.  

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა მნიშვნელოვანი შეხვედრები Erasmus+ პროგრამის კოორდინატორებთან და მედიცინის, სტომატოლოგიის, ფარმაციისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების დეკანებთან. მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე, რაც მოიცავს, როგორც ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, ისე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი შესაძლებლობების გაფართოებას. დაისასახა სამომავლო გეგმები უკვე არსებულ პარტნიორებთან, სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებისგან კი, თსსუ-იმ თანამშრომლობის შეთავაზებები მიიღო. 

თსსუ-ის შესაძლებლობების გაზიარებასთან ერთად, თბილისის სახელმწიფო უნივესრიტეტის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტისა და კვირეულში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოცდილებას.

ამ დროისთვის, ლუბლინის სამედიცინო უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში თსსუ-ის ხუთი სტუდენტი გადის სტაჟირებას. გაცვლითი პროგრამა 5 თვიანია. თსსუ-ის სტუდენტები გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებითა და აქტიური მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენციებში. მათ შორის, სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტმა პირველი ადგილი მოიპოვა ნაშრომით, რომელიც ხელოვნური ინტელექტის კლინიკურ აპლიკაციებს მიეძღვნა.