ძვირფასო მეგობრებო!
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობა ერთმანეთისგან განუყოფელია. ფარმაციის ფაკულტეტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ტრადიციული და წარმატებული ფაკულტეტია, რომელიც უნივერსიტეტის მისიის, ხედვისა და ღირებულებებისაგან გამომდინარე სტრატეგიული განვითარების გეგმას განუხრელად მიჰყვება და ასრულებს, მონაწილეობს ძირითადი გამოწვევების დაძლევის პროცესში.
მრავალწლიანი საქმიანობის საფუძველზე ფაკულტეტზე ჩამოყალიბდა სწავლა-სწავლების გამოცდილება, რომლის პრიორიტეტიც არის სტუდენტი და მისი ინტერესები. ფაკულტეტი უზრუნველყოფილია მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალით და მუდმივად განახლებადი საუკეთესო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, აქ ყველა პირობაა შექმნილი შესაბამისი კომპეტენციის მქონე, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების ჩამოყალიბებისთვის, რომლებიც შეძლებენ ეროვნულ და საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებაში ჰარმონიულ ინტეგრაციას.
საბაკალავრო განათლება ფარმაციაში ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, მრავალპროფილიან სწავლებას. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტებში, ფაკულტეტზე მოქმედ სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული უნარ-ჩვევების ლაბორატორიასა და თსსუ–ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში. ფაკულტეტის ყველა პროგრამის (საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო) სტუდენტი გადის სასწავლო და საწარმოო პრაქტიკას ჯანმრთელობის დაცვის სისტემის დაწესებულებებში. სასწავლო პროცესი ინტეგრირებულია კვლევით საქმიანობასთან და სტუდენტები ადრეული ეტაპიდან იწყებენ სამეცნიერო უნარ-ჩვევების დაუფლებას.
სწავლის პირველი საფეხურის დასრულების შემდეგ ფარმაციის ბაკალავრს აქვს შესაძლებლობა, კომპეტენციის ფარგლებში დასაქმდეს ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში, ფარმაცევტულ კომპანიებში, ფარმაცევტულ საწარმოებში, წამლის ხარისხის უზრუნველყოფის და სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ლაბორატორიებში, ან სწავლა გააგრძელოს მაგისტრატურაში.
ფაკულტეტი ახორციელებს 4 სამაგისტრო პროგრამას: „კლინიკური ფარმაცია“, ”ფარმაცევტული და კოსმეტოლოგიური ტექნოლოგიები”, „ფარმაცევტული ანალიზი“, „ფარმაციის მენეჯმენტი“. სამაგისტრო პროგრამების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს, კვალიფიკაციის შესაბამისად შეუძლიათ დასაქმდნენ: სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში, სამკურნალო–პროფილაქტიკურ და სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებში, სასამართლო ექსპერტიზის ბიუროსა და წამლის ხარისხის უზრუნველყოფის ლაბორატორიებში, ფარმაცევტულ საწარმოებში, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლობებში, ან სწავლა გააგრძელონ დოქტორანტურაში.
ფარმაცევტული საქმიანობა პაციენტზეა ორიენტირებული. მისი მთავარი მიზანია მოსახლეობის უზრუნველყოფა ეფექტიანი, უსაფრთხო, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამკურნალო საშუალებებით, რომლის შემუშავებას, შესწავლას, წარმოებას, სტანდარტიზაციას, ხარისხის უზრუნველყოფასა და სახელმწიფო რეგულირებას ძირითადად ახორციელებს ამ დარგის სპეციალისტი – ფარმაცევტი.