დეკანის გზავნილი

ძვირფასო მეგობრებო,

ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტი, როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილი, 2007 წელს იქნა ჩამოყალიბებული ჯერ სამკურნალო ფიზიკური კულტურისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის სახით, რომლის სახელწოდებაც მოგვიანებით დღევანდელით შეიცვალა. ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის მთავარი ამოცანაა მოამზადოს კომპეტენტური სპეციალისტი, რომელიც უზრუნველყოფს ქრონიკული დაავადებების, ტრავმის ან სხვა კლინიკური პრობლემის შედეგად განვითარებული უნარშეზღუდულობის მქონე ადამიანების სამედიცინო დახმარებას.

ფაკულტეტზე მოქმედებს ევროპული სტანდარტების, თანამედროვე საბაკალავრო პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა ოთხი წელია. სტუდენტები მომავალ პროფესიას ეუფლებიან უნივერსიტეტის სხვადასხვა თეორიულ თუ კლინიკურ დეპარტამენტებში, საუნივერსიტეტო და უნივერსიტეტთან აფილირებულ კლინიკებსა და სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში. ისინი სწავლობენ რეაბილიტაციის პრინციპებს და პროგრამებს, რეაბილიტაციის სისტემის ორგანიზაციას და პრაქტიკას, თანამედროვე სარეაბილიტაციო მეთოდებს და ტექნოლოგიებს, მათ გამოყენებას საყრდენ-მამოძრავებელი, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული, რესპირატორული და სხვა სისტემების დაზიანებებისა და დაავადებების დროს. ამჟამად ფაკულტეტზე მოქმედებს სამი სამაგისტრო პროგრამა.

ათი წელი ისტორიისთვის არცთუ ისე ბევრია, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტი აღნიშნულ დროში რეგიონის ერთ–ერთი საუკეთესო სამედიცინო სკოლის – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ღირსეულ და განუყოფელ ნაწილად იქცა.

წინამდებარე ვირტუალური გვერდის მიზანი გახლავთ არამარტო ფაკულტეტის ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა, არამედ ჩვენსა და თქვენს შორის ვირტუალური დიალოგის შენარჩუნება, რაც გულისხმობს თქვენი მხრიდან შენიშვნების, საქმიანი წინადადებებისა და რჩევების მოწოდებას.

ძვირფასო მეგობრებო, თქვენი აქტიური მონაწილეობა ფაკულტეტის საქმიანობაში გახლავთ მისი განვითარების ერთ–ერთი ძირითადი პირობა, ამიტომაც მადლობას მოგახსენებთ ჩვენს გვერდზე შემობრძანებისათვის; გახსოვდეთ, რომ თქვენი მოსაზრებები ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის!


პატივისცემით,
ფაკულტეტის დეკანი
პროფესორი ლელა მასხულია