საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

#ესჩვენიდღეა  #26მაისი  #100წელი

26 მაისს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა აქტივობები განხორციელდა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრით, ასევე, სპორტისა და ხელოვნების ცენტრის ანსამბლებით  შეუერთდა ქალაქ ამბროლაურში დაგეგმილ ღონისძიებას.

ადგილობრივი მოსახლეობის და სტუმრების დიდი დაინტერესება გამოიწვია თსსუ-ის კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრის კუთხემ, სადაც  წარმოდგენილი იყო სამედიცინო სიმულატორები და მანეკენები.  ცენტრის  პედაგოგების დახმარებით  მოსულ სტუმრებს და მოსწავლე ახალგაზრდობას საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ პირველადი სამედიცინო დახმარების ტექნიკას, სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციებს, როგორიცაა: ჭრილობიდან სისხლდენის შეჩერება, ნახვევის  და ნაკერის დადება, კიდურის იმობილიზაცია, კანში ინიექცია.

თსსუ-ის სიმღერისა და ცეკვის სახალხო ანსამბლი მაყურებლის წინაშე წარსდგა ქორეოგრაფიული და ვოკალური შემოქმედებითი ნომრებით.  შესრულდა ცეკვა დავლური და სვანური, ხალხური საკრავების ფონზე გაჟღერა ქართული ხალხური სიმღერები.
დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების თეატრალური ინსცენირების პირდაპირი ტრანსლაციის შემდეგ, თსსუ-ის მომღერალ ვაჟთა გუნდმა შეასრულა  საქართველოს ჰიმნი.