ევროკომისიის ტემპუსის აღმასრულებელი სააგენტოს დირექტორის ვიზიტი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2012 წლის 14 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ახლად გახსნილ აკადემიური განვითარების ცენტრში გაიმართა შეხვედრა ტემპუსის აღმასრულებელი სააგენტოს დირექტორთან, ბატონ კლაუს ჰუპტთან და საქართველოში ტემპუსის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელთან, ქალბატონ ლიკა ღლონტთან.  სხდომას ესწრებოდნენ ახლად დაფინანსებული ტემპუსის პროექტებში  მონაწილე უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები (სამედიცინო სკოლა აიეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი).

სტუმრებს შეხვდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე, რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, სამედიცინო განათლების, კვლევის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი გაიანე სიმონია.

14.11.2012_-_TEMPUS--is_shexvedra_gaiane_3 14.11.2012_-_TEMPUS--is_shexvedra_gaiane_2 14.11.2012_-_TEMPUS--is_shexvedra_gaiane_4

სტუმრებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს აკადემიური განვითარების ცენტრი, რომელიც გაიხსნა ტემპუსის მიმდინარე პროექტის „დიპლომამდელი სამედიცინო განათლების მოდერნიზაცია ევროგაერთიანების აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში“ და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ერთობლივი დაფინანსების შედეგად. ცენტრის მიზანია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, შემდგომ კი საქართველოს სხვა უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების აკადემიური პერსონალისთვის თანამედროვე სამედიცინო განათლების კონცეფციისა და სტრატეგიების გაცნობა და კონსულტაციების გაწევა  სწავლების, სწავლის და შეფასების მეთოდოლოგიის ასათვისებლად. ცენტრში დაგეგმილია  ვორქშოფების, სემინარების და პრეზენტაციების ჩატარება წინასწარ შემუშავებული მოდულების შესაბამისად.

სტუმრებმა გამოთქვეს იმედი, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების ცენტრი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოში სამედიცინო განათლების თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებაში.

14.11.2012_-_TEMPUS--is_shexvedra_gaiane_1