მეცნიერი, პედაგოგი, მოღვაწე

85 წელი შეუსრულდა ქართული ანატომიური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელს, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, საქართველოს სამედიცინო-ბიოლოგიური მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, საქართველოს კლინიკურ-ანატომთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს, ევროპის ანატომთა ასოციაციის წევრ-კოორდინატორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ზურაბ კაციტაძეს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, 1945-51 წლებში მუშაობდა რუსთავის ბავშვთა სამედიცინო გაერთიანების ხელმძღვანელად და პრაქტიკოს ექიმად. ამ დროისათვის მან დაამთავრა სსრკ  დაუსწრებელი იურიდიული  ინსტიტუტის სრული კურსი, რამაც საშუალება მისცა გაეგრძელებინა სწავლა მოსკოვში, სსრკ ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლო მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში აკადემიკოს ვიქტორ პროზოროვსკის  ხელმძღვანელობით.

 თემის შესრულებისათვის  საჭირო მეთოდიკა, რომლის აუცილებელი  პირობა იყო, სიარულის (,,ტრასის“) ანაბეჭდების მიღება, საცდელი პირისათვის შეუცნობლად ანუ ბუნებრივ-სტერეოტიპულ პირობებში, ზ.კაციტაძის მიერ გადაჭრილი იქნა საკუთარი მეთოდით, რომელიც შეტანილია  ,,სსრკ აღმოჩენათა და გამოგონებათა კომიტეტის“ რეესტრში და კრიმინალისტიკის სახელმძღვანელოებში  (რუსეთი, გერმანია და სხვ.).

საკანდიდატო დისერტაციის თემამ ,,ტრასოლოგიური ექსპერტიზის ანატომიური საფუძვლები“, მოითხოვა არამხოლოდ ანატომიის საფუძლიანი ცოდნა, არამედ ავტორიტეტული ანატომიის თანახელმძღვანელის მონაწილეობა. ასეთად შერჩეული იქნა დინამიური ანატომიის ერთ-ერთი ფუძემდებელი პროფ. მ. ივანიცკი, რომელთან შეხვედრამ და მუშაობამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ზ.კაციტაძის  საბოლოო პროფესიის შერჩევაში.

ასპირანტურის დამთავრებისა და საკანდიდატო დისერტაციის დაცვის შემდეგ  (1954წ.) ბატონი ზურაბი დაინიშნა მოსკოვის  სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს განყოფილების გამგედ. 1956 წლიდან კი დაბრუნდა თბილისში და გააგრძელა მუშაობა თბილისის საქალაქო სამედიცინო ექსპერტიზის ხელმძღვანელის თანამდებობაზე. ამ პერიოდისათვის მან  შეასრულა და გამოაქვეყნა 16 ნაშრომი, მათ შორის ერთი მონოგრაფია.

1963 წელს პროფესორი ზურაბ კაციტაძე კონკურსის წესით არჩეულ იქნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრის ასისტენტად, რომელსაც პროფესორი ზაქარია მაისურაძე ხელმძღვაბნელობდა. 1964 წელს-აირჩიეს კათედრის დოცენტად. 1971 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, ხოლო 1972 წელს არჩეულ იქნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრის პროფესორის თანამდებობაზე, 1974 წელს კი-ამავე კათედრის გამგედ. სწორედ ამ პერიოდში, მუშაობის პირველივე დღეებიდან, გამოვლინდა მისი, გამორჩეული მეცნიერ-ნოვატორული და პედაგოგიური ნიჭი.

ზ. კაციტაძე ავტორია 150-მდე სამეცნიერო ნაშრომისა, რომელთა შორის 6 მონოგრაფიაა, 5 სახელმძღვანელო და სსრკ გამოგონებათა კომიტეტის მიერ დაპატენტებული მეთოდიკა (1960წ.), რომელიც იმავე წლებში, ავტორის სახელის მითითებით, შეტანილი იქნა რუსულ, გარმანულ და პოლონურ სახელმძღვანელოებში, რაც ავტორის აღიარებად და მნიშვნელოვან წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს.

1984 წ., როგორც სსრკ ცენტრალური მეთოდური კომისიის წევრი, ზ. კაციტაძე მონაწილეობდა ახალი საფაკულტეტო სასწავლო პროგრამების შედგენაში, რომლებიც დაისტამბა და დღესაც მოქმედებს დსთ-ს ქვეყნებში.

სასწავლო პროგრამების ახლებური მეთოდების  გათვალისწინებით, მან შეადგინა და 1986 წ. გამოსცა ნორმალური ანატომიის სახელმღვანელოს ორტომეული, რომელიც, ფაქტობრივად, პირველი ფუნდამენტური ნაშრომია ასაკობრივ ანატომიაში (იხ. რეცენზია: Архив анатомии“,1989,N.8) ამ ნაშრომისათვის მას მიენიჭა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო პრემია. აღნიშნულ სახელმძღვანელოში ზ.კაციტაძემ, ერთ-ერთმა პირველმა, ერთ სისტემად გამოყო  ორგანიზმის იმუნური უზრუნველყოფის ორგანოები (ძვლის ტვინი, თიმუსი, ელენთა და სხვ.), რომლებიც ადრე სხვადასხვა სისტემაში იყო განხილული.

ბატონი ზურაბი დღესაც აქტიურად ეწევა პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას: უკანასკნელი წლის განმავლობაში, პროფესორ მარინა აბესაძის თანაავტორობით, გამოსცა  ორი მონოგრაფია,  აქტიურად  მონაწილეობს საკვალიფიკაციო შრომების განხილვა-რეცენზირებაში.

2006 წლიდან პროფესორი ზურაბ კაციტაძე ხელმძღვანელობს თსსუ-ის რექტორის მრჩეველთა საბჭოს.