პარტნიორობა ავსტრიელ კოლეგებთან და სიახლე ურთიერთთანამშრომლობის სფეროში

2012 წლის 21–27 ნოემბერს, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკების მმართველი კომპანია  “tilak”–ის  დირექტორის შტეფან დეფლორიანის მიწვევით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია მივლინებით იმყოფებოდა ინსბრუკში (ავსტრია).  საქმიანი კონტაქტები, ბატონ შტეფან დეფლორიანთან, რომელიც 2012 წლის ივნისში დაიწყო, ორგანიზებულია  სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის უფროსი ექიმის, დოქტორ ირმა კვიცარიძის მიერ.

 ვიზიტის ძირითადი მიზნები იყო:

–     შეხვედრა “tilak”–ს დაქვემდებარებული საგანმანათლებლო ორგანიზაცია  “azw”ს ხელმძღვანელობასთან თსსუ–ის საექთნო პროგრამების  განვითარების მიზნით ავსტრიელ კოლეგებთან ურთიერთთანამშრომლობის  შესაძლებლობის დადგენის და დაგეგმვის თვალსაზრისით;

–     შეხვედრა “tilak”–ის ხელმძღვანელობასთან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის აღჭურვაში   დახმარების მიზნით.

შეხვედრები  შედგა  “azw”–ს დირექტორთან, ბატონ ვალტერ დრაქსელთან, საექთნო სწავლების დირექტორთან, ქალბატონ ვალტრაუდ ბუხბერგერთან. ავსტრიულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა პროფესორთა და სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების განსავითარებლად.  დაიგეგმა მუშაობა ერთობლივი საექთნო პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებით.

ინსბრუკის სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკის უფროს ექიმთან, დოქტორ ირმა კვიცარიძესთან, “tilak”–ის სამედიცინო ინვენტარის ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ბატონ ქრისტიან ჰოსპთან, “tilak”–ის სამედიცინო და ლაბორატორიული ტექნიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ბატონ ქრისტიან რანგერთან  შეხვედრებზე მიღებულ იქნა კონკრეტული შემოთავაზებები თსსუ–ის საუნივერსიტეტო კლინიკების  აღჭურვაში დახმარების თვალსაზრისით.