ეგეოსის უნივერსიტეტის (თურქეთი) მედიცინის ფაკულტეტის ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორ აჰმეტ ჩოკერის ლექციები თსსუ–ში

2012 წლის 2-4 დეკემბერს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ეგეოსის უნივერსიტეტის (თურქეთი) მედიცინის ფაკულტეტის ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი აჰმეტ ჩოკერი, რომელმაც გოჩა ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის აუდიტორიაში თსსუ–ის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის წაიკითხა ლექციები თემაზე – “ქირურგიის აქტუალური საკითხები (ღვიძლის და პანკრეასის პათოლოგიები, მექანიკური სიყვითლე)”.

პროფესორი აჰმეტ ჩოკერი შეხვდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას. შეხვედრას ესწრებოდნენ:  რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე, ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი, თსსუ–ის ქირურგიის N.1 დეპარტამენტის კერძო ქირურგიის N.1 მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი გია თომაძე.

შეხვედრაზე დაიგეგმა მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხები - როგორც დიპლომამდელ, ისე დიპლომისშემდგომი განათლების სფეროში, კლინიკური გამოცდილების გაზიარება, სტუდენტთა/რეზიდენტთა  და ახალგაზრდა სპეციალისტთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა და სხვ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი – უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები და ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში – 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება.