თსსუ–ში ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (სომხეთი) 27 სტუდენტს ზაფხულის სკოლის წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

2012 წლის 30 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა სერტიფიკატების დაჯილდოების ცერემონიალი ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (სომხეთი) 27 სტუდენტის და რეზიდენტის, რომლებმაც ბილატერალური აკადემიური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის ზაფხულში კლინიკური სწავლების კურსი გაიარეს თსსუ-ის საუნივერსიტეტო კლინიკებში:..

– მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა;
– გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა;
– აპოლონ ურუშაძის სახელობის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა.

ამავე პროგრამის ფარგლებში თსსუ-ის 20 სტუდენტი კლინიკურ სტაჟირებას გადის ერევნის საუნივერსიტეტო კლინიკებში.

პროგრამის მიზანი გახლავთ ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, კლინიკური გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა და მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება რეგიონში.

პროგრამის ორგანიზატორია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

ღონისძიებას დაესწრნენ და სტუდენტებს მიესალმნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ბატონი ირაკლი გიორგობიანი, სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რექტორის მოადგილეები ბატონი გიორგი აბესაძე და პროფესორი რიმა ბერიაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი გიგა სორდია და პროგრამის ორგანიზატორები: ირაკლი გვილავა და გოგი ჩიქოვანი.

სასწავლო კურსის მიმდინარეობისას უცხოლმა სტუდენტებმა სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით მონაწილეობა მიიღეს სოციალურ პროგრამაში, დაათვალიერეს ქალაქ თბილისისა და მცხეთის ღირშესანიშნაობები, მოინახულეს სვეტიცხოველი და ჯვრის მონასტერი, საქართველოს ეროვნული და ეთნოგრაფიული მუზეუმები.