თსსუ–ის ოფთალმოლოგიურ დეპარტამენტს “უკანასკნელი დღეების წმინდანთა ქველმოქმედების ფონდმა’’ საჩუქრად გადასცა ოფთალმოლოგიური ხელსაწყოების ნაკრები

2012 წლის 13 ივლისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში “უკანასკნელი დღეების წმინდანთა ქველმოქმედების ფონდის’’ წარმომადგენლებმა საქართველოში თსსუ–ის ოთალმოლოგიურ დეპარტამენტს საჩუქრად გადასცა, ფონდის პრეზიდენტის, პროფესორ როჯერ ჰარის მიერ გამოგზავნილი, ოფთალმოლოგიური ხელსაწყოების ნაკრები...

შეხვედრას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რექტორის მოადგილე გიორგი აბესაძე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მერაბ დვალი, “უკანასკნელი დღეების წმინდანთა ქველმოქმედების ფონდის, რეგიონული წარმომადგენლები საქართველოში – დევიდ რისი, ჯუდი რისი, “სანტა მარია დელე კროჩის” (რავენნა, იტალია) საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ცეზარე ფორლინი, უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს და “უკანასკნელი დღეების წმინდანთა ქველმოქმედების ფონდს’’ დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი საქველმოქმედო ღონისძიება აქვთ ჩატარებული, რომელთა შორის აღსანიშნავია:

     

– 2011 წლის 9-12 მარტს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარდა ამერიკის გულის ასოციაციის (AHA) და ამერიკის პედიატრიული აკადემიის (AAP) მიერ მოწოდებული „ახალშობილთა რეანიმაციის’’ პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც ტარდება უშუალოდ სამშობიარო ბლოკში და, როგორც სასწავლო მოდელი, გამოიყენება მსოფლიოს 92 ქვეყანაში. პრეზენტაციებს დაესწრნენ უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტების აკადემიური პერსონალი, თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკისა და თბილისის სხვადასხვა სამშობიარო სახლის თანამშრომლები და მედ–პერსონალი. პროგრამის დანერგვის პრინციპია – კონკრეტულ ქვეყანაში ტრენერების მომზადება, რომლებიც შემდგომ პერმანენტულად მოამზადებენ აღნიშნული პროგრამის ძირითადი მიმართულების მცოდნე კვალიფიციურ კადრებს. ამ პრეზენტაციის ჩატარება და პროგრამის დანერგვა შესაძლებელი გახდა “უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის” დაფინანსებით და მხარდაჭერით, მათივე ინიციატივით თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას და უნივერსიტეტის საგანგებო სიტუაციებზე სამედიცინო რეაგირების და მართვის სასწავლო ცენტრს უსასყიდლოდ გადაეცათ სასწავლო მულაჟები, რეანიმაციული ნაკრებები და სამედიცინო ლიტერატურა;

– 2011 წლის მაისის თვეში “უკანასკნელი დღეების წმინდანთა ქველმოქმედების ფონდის’’ რეგიონულმა წარმომადგენლებმა საქართველოში – დევიდ რისმა და ჯული რისმა, იუტას უნივერსიტეტის (კანადა) პროფესორ როჯერ ჰარისთან ერთად, დაათვალიერეს თსსუ–ის ალ. ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტი და იმ პერიოდში მშენებარე თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა. სტუმრებმა გამოთქვეს სურვილი გაუწიონ ჰუმანიტარული დახმარება აღნიშნულ კლინიკებს;

– 2012 წლის თებერვალში დევიდ და ჯული რისის ინიციატივით თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას გადაეცა ორი ეტლი უნარშეზღუდულ პაციენტებისათვის.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და “უკანასკნელი დღეების წმინდანთა ქველმოქმედების ფონდს’’ შორის ურთიერთთანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.