თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალურ რეფერალურ ლაბორატორიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2012 წლის 6 ივლისს, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალურ რეფერალურ ლაბორატორიას შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის დირექტორმა ანა ჟვანიამ.
შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ–ს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლები: ბლეიქ ფარლეტი, ჯეისონ ფარლოუ, პაატა ენუქიძე, ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიის წარმომადგენელი ადამ კოტორაშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი.


მემორანდუმი მიზნად ისახავს ბიოუსაფრთხოებისა და ბიოლოგიურ კვლევებში სანდო სამეცნიერო პარტნიორობის განვითარებას, რომელიც გულისხმობს მხარეების მიერ ბიოუსაფრთხოების და ბიოლოგიურ სფეროში კვლევითი წინადადებებისა და სასწავლო პროგრამების მომზადებასა და განვითარებას, ბიოლოგიური კვლევებისა და, განათლების განვითარების კოორდინირებასა და ინტელექტური, ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების მობილიზების გზით, დონორებთან წარსადგენ საერთო პროექტებზე მუშაობას; საქართველოსა და რეგიონის ინტერესებიდან გამომდინარე, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო სისტემის შექმნას.

მხარეები მოამზადებენ და განავითარებენ წინადადებებს კვლევებსა და სასწავლო პროგრამებზე, მოახდენენ ინტელექტური, ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების მობილიზებას და დონორებთან წარსადგენ პროექტებზე ერთობლივ მუშაობას.