თსსუ–ის მოსამზადებელმა ცენტრმა 2011/2012 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის 47 აბიტურიენტი მოამზადა

 

2012 წლის 3 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მოსამზადებელ ცენტრში ჩატარდა გასაუბრება უცხოენოვანი სექტორის მსმენელებთან ინგლისურ და ქართულ ენაში.
ტრადიციულად ასეთი ტიპის გასაუბრება ტარდება სასწავლო წლის ბოლოს, რომელსაც კოორდინაციას უწევს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ია ავალიანი და მოსამზადებელი ცენტრის დირექტორი, პროფესორი გრიგოლ სულაბერიძე.

გასაუბრებას აქვს კითხვა–პასუხის სახე, ანუ მსმენელსა და გამომცდელს შორის იმართება დიალოგი სხვადასხვა თემაზე ინგლისურ და ქართულ ენაზე, რომლის დროსაც მსმენელი ამჟღავნებს მიღებული ცოდნის დონეს და შესწავლილი უცხო ენის ათვისების ხარისხს.

სასწავლო წელი მოსამზადებელ ცენტრში დაიწყო 2011 წლის 10 ოქტომბერს და გაგრძელდა 2012 წლის 1 ივლისამდე. მიმდინარე სასწავლო წელს ცენტრში ირიცხებოდა უცხო ქვეყნის 47 მოქალაქე: (საბერძნეთი – 1, რუსეთი – 2, აზერბაიჯანი – 2, ნიგერია – 1, თურქეთი – 31, სირია – 7, ერაყი – 3).

 



მოსამზადებელი ცენტრის პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელები სწავლის გაგრძელებას აპირებენ თსსუ–ის შემდეგ ფაკულტეტებზე: მედიცინის ფაკულტეტი (10 მსმენელი), ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტი (30 მსმენელი), ფარმაციის ფაკულტეტი (3 მსმენელი), 4 მსმენელი სწავლას გააგრძელებს სხვა უმაღლეს სასწავლებელში.

დასასრულს, უცხოენოვანი სექტორის მსმენელებმა დიდი მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს დაუღალავი შრომის, ძალისხმევისა და ყურადღებისათვის.