ჟეჯიანგის უნივერსიტეტის (ჩინეთი) დელეგაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2012 წლის 13 ივნისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია ჟეჯიანგის უნივერსიტეტის (ჩინეთი) ვიცე-რექტორი, პროფესორი ჟიან ჩუ, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, პროფესორი ჟიე შენი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ტიან-ჰუა ჟოუ, ოპტიკური ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ლი-მინ ტონგი, აზიისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, პროფესორი ფენგ ჩენი. შეხვედრის ორგანიზატორი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო. საელჩოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდა ელჩის მრჩეველი, ქალბატონი ჟენგ ვეი...
სტუმრებს შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი დავით ჭავჭანიძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირინა კაპეტივაძე, უცხოელ სტუდენტთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, პროფესორი დავით თოფურია და ამავე დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ინგა კახნიაშვილი.



შეხვედრაზე განიხილეს ჩინეთის ჟეჯიანგის უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის მომავალი ურთერთობის ძირითადი ასპექტები: კლინიკური გამოცდილების გაზიარება, სტუდენტთა/რეზიდენტთა და ახალგაზრდა სპეციალისტთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, პროფესორ-მასწავლებელთა ჩართვა სამეცნიერო-კვლევით პროგრამებში და სხვ.

საპატიო სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს თსსუ-ის ადმინისტრაციას გულთბილი დახვედრისთვის და იმედი გამოთქვეს, რომ უახლოეს მომავალში ჩინეთის რესპუბლიკის სამედიცინო უნივერსიტეტებსა და თსსუ-ის შორის მყარი, ხანგრძლივი ურთიერთობები ჩამოყალიბდება.