მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერისიტეტის (გერმანია) პროფესორის ფლორიან ლოჰეს, პრივატ–დოცენტების: როლფ შაუერისა და რაინჰოლდ ლანგის ლექციები თსსუ-ში

2012 წლის 30 მაისიდან პირველი ივნისის ჩათვლით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერისიტეტის (გერმანია) პროფესორი ფლორიან ლოჰე, პრივატ–დოცენტები: როლფ შაუერი, რაინჰოლდ ლანგი და გერმანელი კოლეგების ვიზიტის ორგანიზიტორი, გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი გიორგი გრიგოლია.

   


გერმანელმა კოლეგებმა თსსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხეს ლექციები:

„კუჭის კიბო და მკურნალობის მეთოდები“;
„ღვიძლის მეტასტაზების ქირურგიული მკურნალობის მეთოდები“;
„სანაღვლე გზების დაავადებები და მათი ქირურგიული მკურნალობის მეთოდები“;
„ბრონქული კარცინომა, ქირურგიული თერაპია“;
„სიგმადივერტიკულიტი და ლაპარასკოპიული მკურნალობის მეთოდი“;
„პანკრეასის კიბო, ქირურგიული მკურნალობა“;
„მსხვილი ნაწლავის კიბო და ქირურგიული მკურნალობა“;
„ღვიძლის მეტასტაზები და მათი ქირურგიული მკურნალობა“;
„თიაქარი და თიაქრის მკურნალობის მეთოდები“;
„ადიპოზიტას ქირურგია, ბარიატრიული ოპერაციები“;
„რეფლუქს-ეზოფაგიტის ქირურგიული მკურნალობის მეთოდები“;
„ნაღვლის ბუშტის დაავადებები და ქირურგიული მკურნალობის მეთოდები“.

     

ლექციების პარალელურად, უცხოელი კოლეგები შეხვდენენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას. შეხვედრას ესწრებოდნენ თსსუ–ის უცხო ენების შემსწავლელი ცენტრის დირექტორი, პროფესორი მანანა ქუთელია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი, ქირურგიის N2 დეპარტამენტის ურგენტული ქირურგიის მიმართულების პროფესორი ნოდარ გრიგოლია.

შეხვედრაზე განიხილეს მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერისიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის მომავალი ურთიერთობის საკითხები: სტუდენტთა/რეზიდენტთა და ახალგაზრდა სპეციალისტთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა, კლინიკური გამოცდილების გაზიარება, პროფესორ-მასწავლებელთა ჩართვა სამეცნიერო-კვლევით პროგრამებში და სხვ.

გერმანელმა კოლეგებმა მადლობა გადაუხადეს თსსუ-ის ადმინისტრაციას გულთბილი დახვედრისთვის.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი – უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები და ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში – 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება.