გზავნილი

ძვირფასო მეგობრებო,

ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ფუნდამენტურმა ცვლილებებმა და ჯანმრთელობის პრობლემების კომპლექსურობამ რადიკალურად შეცვალა ექთნების/ბებიაქალების როლი ჯანდაცვის სისტემაში და განსხვავებული გამოწვევები წარმოშვა მათი პროფესიული მზადების თვალსაზრისით.
თანამედროვე საექთნო საქმე მეცნიერება და ხელოვნებაა. ის მოითხოვს კვლევაზე და მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის წარმოებას, ჰუმანიტარული, ფიზიკური, ბიოლოგიური, ქცევითი მეცნიერებების მომცველ სპეციფიკურ საექთნო ცოდნას და უნარ-ჩვევებს, მენეჯმენტის, ლიდერობისა და პედაგოგიკის ბაზისურ ელემენტებს (WHO 1996a).
2007 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში,  საქართველოში პირველად, ჩამოყალიბდა პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პროვაიდერი – უმაღლესი საექთნო სკოლა,  რომელიც ამავე წელს  შევიდა ახლადშექმნილი ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის შემადგენლობაში და დღემდე რჩება. 
2007-2010 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ხორციელდებოდა მხოლოდ პროფესიული საგანამანათლებლო პროგრამები, 2011 წლიდან კი ამოქმედდა საექთნო საქმის (ექთანი და ბებიაქალი) საბაკალვრო ოთხწლიანი პროგრამები. 
საექთნო და ბებიაქალთა განათლების ოთხწლიან საბაკალავრო პროგრამებს საფუძვლად დაედო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექთნებისა და ბებიაქალების განათლების ევროპული სტრატეგიის (WHO European Strategy for Nursing and Midwifery Education) რეკომენდაციები.
2015 წლიდან მივიღეთ სტუდენტების პირველი ნაკადი საექთნო საქმის ქართულ-ავსტრიულ საბაკალავრო პროგრამაზე, რომლის შექმნაშიც პარტნიორობა გაგვიწია ტიროლის მხარის (ინსბრუკი, ავსტრია) კლინიკების გაერთიანებამ.
2022 წელს ,,ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოსა“ და ,,სწავლის სფეროების კლასიფიკატორთან“ შესაბამისობის მიხედვით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფუნქციობს საექთნო საქმის საბაკალავრო ქართულ-ავსტრიული და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამა. 

საექთნო და სამეანო საბაკალავრო პროგრამების კოორდინატორი, ასისტენტ-პროფესორი
მედეა ჯღარკავა