გერმანიის ექიმთა და სტომატოლოგთა ასოციაციების ლექტორების ლექციები თსსუ–ში და ყბა–სახის უფასო ქირურგიული ოპერაციები თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში

2012 წლის 21-25 მაისს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვივნენ გერმანიის ექიმთა და სტომატოლოგთა ასოციაციების ლექტორები: დუისბურგის ყბა-სახის პლასტიკური ქირურგიისა და იმპლანტოლოგიური კლინიკის მთავარი ექიმი, მედიცინის დოქტორი ჰელმუტ ზიბერი, უფროსი ექიმი, დოქტორი ანდრეას ჰამმახერი და ქირურგი, დოქტორი ვიქტორ ვაილერტი.

     

გერმანელმა კოლეგებმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხეს ლექციები:

„ყბა-სახის ქირურგიის წარსული, აწმყო და მომავალი მესამე ათასწლეულში“;
„თავისა და კისრის სიმსივნეები: ეტიოლოგია, დიაგნოსტიკა და მკურნალობის პრინციპები“;
„კბილის დაზიანებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა“;
„ტუჩისა და სასის ნაპრალის ინტერდისციპლინარული მკურნალობა“;
„სიბრძნის კბილები - კლინიკა, დიაგნოსტიკა და ოპერაციული ჩარევის მიდგომები“;
„ზედა და ქვედა ყბის ძვლოვანი რეკონსტრუქციის შესაძლებლობები“.

     

ლექციების პარალელურად, 22 და 23 მაისს გერმანელმა ქირურგებმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ ერთობილივი ყბა–სახის ქირურგიული ოპერაციები გააკეთეს თსსუ-ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში:
სახის თანდაყოლილი ნაპრალი;
საფეთქელ–ქვედაყბის სახსრის ანკილოზი;
სახის თანდაყოლილი განივი ნაპრალი;
ცხვირის ნესტოს თანდაყოლილი ნაპრალი.

     

ოპერაციებს ესწრებოდნენ სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი – უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციები და ოპერაციები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში – 2012 წლის ბოლომდე გაგრძელდება.