“Alpha-Bio tec”-ის წარმომადგენელის ვიზიტი

 

2013 წლის 25 იანვარს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ეწვია კომპანია “Alpha-Bio tec”-ის გაყიდვების მენეჯერი რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებში, ბატონი ალექსი  პუპკო.

კომპანია “Alpha-Bio tec”  25 წელზე მეტია, მსოფლიოს  წამყვანი კომპანიაა, დენტალური იმპლანტების, პროთეზების, ბიო-მასალებისა და სტომატოლოგიური  ინსტრუმენტების განვითარებისა  და წარმოების   სფეროში.

“Alpha-Bio tec”-ის წარმომადგენელი შეხვდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას. შეხვედრას ესწრებოდნენ: რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი  სოსო მღებრიშვილი,  პროფესორი კახა მეტრეველი,  “Alpha-Bio tec”-ის ექსკლუზივის მფლობელი კომპანია “ImplaDent”-ის გენერალური  დირექტორი  ერასტი შენგელია და ფირმის  ექსკლუზიური დირექტორი ლევან კაკაბაძე.

შეხვედრისას “Alpha-Bio tec”-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს უსასყიდლოდ გადასცემს სასწავლო-პრაქტიკულ მასალებს, მულაჟებს, დენტალურ იმპლანტებსა და სასწავლო-ტენიკურ მოწყობილობებს. პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ  ისაუბრა უნივერსიტეტში არსებულ სიახლეებსა და ტრადიციაზე, რომელიც უცხოეთის წამყვანი უნივერსიტეტების პროფესორების ლექციებსა და ოპერაციებს გულისხმობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და საუნივერსიტეტო კლინიკებში.  კომპანია „Alpha-Bio tec“-ის წარმომადგენელმა გამოთქვა თსსუ-თან აკადემიურ სფეროში თანამშრომლობის სურვილი, რომელიც გულისხმობს უცხოენოვანი ლექტორების მოწვევასა და  სხვადასხვა აკადემიური   ღონისძიებების  დაგეგმვას.