თსსუ-ის წარმომადგენლები კიევ-მოჰილას აკადემიაში

2012 წლის 12-13 აპრილს კიევში (უკრაინა), კიევ-მოჰილას ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა კონფერენცია ,,ჯანდაცვის ეკონომიკა, სოციოლოგია, თეორია და პრაქტიკა”.
TEMPUS–ის პროექტის „სტრუქტურირებული სადოქტორო პროგრამების განვითარება საქართველოსა და უკრაინაში“ მეორე სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები.

     

კონფერენციის მუშაობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან მონაწილეობდნენ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ეკა ეკალაძე და დოქტორანტები ივანე კუგოტი და დავით რამინაშვილი. ისინი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით აწარმოებენ კვლევას და სწორედ საკუთარი კვლევის შედეგები წარადგინეს საერთაშორისო ფორუმზე. მათმა მოხსენებებმა მსმენელთა ინტერესი და მოწონება დაიმსახურა, დაისვა საქმიანი შეკითხვები და გამოიხატა ერთობლივი კვლევების დაგეგმვის სურვილი.

დაიგეგმა სამომავლო აქტივობები სადოქტორო პროგრამების კურიკულუმის განვითარების, დოქტორანტურაში სწავლებისა და კვლევის ეფექტური ინტეგრაციის მექანიზმების შერჩევისა და განხორციელების პერსპექტივით. უახლოეს მომავალში კონფერენციის მასალები, მათ შორის - ქართველ დოქტორანტთა კვლევის შედეგები, გამოქვეყნდება უკრაინაში გამოცემულ საერთაშორისო სამეცნიერო პერიოდიკაში.