თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორმა მასტერ კლასი ჩაატარა

2012 წლის 12 მარტს საქართველოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორმა, მანჰეინის უროლოგიური კლინიკის ხელმძღვანელმა პიტერ ალკენმა (გერმანია) უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ჩაატარა პრაქტიკული მეცადინეობა.

მეცადინეობას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, კლინიკური უნარ-ჩვების ცენტრის დირექტორი ირმა მანჯავიძე.

უცხოელმა პროფესორმა ლექცია თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში ჩაატარა. თანამედროვე აპარატურითა და სიმულატორებით აღჭურვილ ცენტრში, პროფესორ პიტერ ალკენს ყველა პირობა ჰქონდა შექმნილი, რათა სტუდენტებისთვის მაღალი დონის პრაქტიკული მეცადინეობა ჩაეტარებინა და თავისი გამოცდილება გაეზიარებინა.

   

კლინიკური უნარ-ჩვევების თანამედროვე ცენტრის ფუნქციონირებას პიტერ ალკენმა მნიშვნელოვანი უწოდა და აღნიშნა, რომ სიმულატორებზე მუშაობა სტუდენტებს ეხმარება თეორიული ცოდნა უსაფრთხოდ გადაიტანონ პრაქტიკაში. ცენტრში სტუდენტებს შეუძლიათ ისეთი მანიპულაციების ჩატარება, როგორიცაა თვალის ფსკერის და დაფის აპკის გამოკვლევა, ტრავმული პაციენტის ტრანსპორტირება და სხვა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის ფარგლებში, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში უცხოელი სპეციალისტების, ცნობილი და წარმატებული პროფესორების ჩამოყვანას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს.