რეგიონული ელექტრონული ჯანმრთელობის ქსელის (რეჯიქს) მოდელი „უნიმედი აჭარის“ ჰოსპიტალური სისტემისათვის

2013 წლის 22 თებერვალს პროექტ „უნიმედი აჭარის“ საბოლოო სემინარზე, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების ცენტრში ჩატარდა, წარმოდგენილ იქნა ორი მოხსენება:

ამირან გამყრელიძე (დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის  ცენტრის დირექტორი): „გლობალური და ელექტრონული ჯანმრთელობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადასახედიდან“ და ზვიად კირტავა (ააიპ „პარტნიორები ჯანმრთელობისათვის“): „რეგიონული ელექტრონული ჯანმრთელობის ქსელის მოდელი „უნიმედი აჭარის“ ჰოსპიტალური სისტემისათვის“.

სემინარზე განხილულ იქნა ელექტრონული-ჯანმრთელობის (e-Health) მნიშვნელობა გლობალურ და საქართველოს კონტექსტში, განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული 2011  წელს USAID-ის დახმარებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ ჯანმრთელობის მართვის საინფორმაციო ერთიანი სისტემის განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე და იმაზე, თუ რა ინდიკატორები უნდა იქნას შემუშავებული და როგორი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ გეგმის კომპონენტების ისე ასამოქმედებლად, როგორც ამას ევროკავშირის შემუშავებული სტანდარტი მოითხოვს.

   

სემინარზე მოხდა „რეჯიქს“ საგრანტო პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების პრეზენტაცია და გაიმართა დისკუსია საქართველოში ე-ჯანმრთელობის ქსელებისა და ტექნოლოგიების მომავალ პერსპექტივებზე. სემინარს დაესწრნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი, ზურაბ ვადაჭკორია, კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე, რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხუსკივაძე, მედიაციის სამსახურის უფროსი სოფიო ლებანიძე, ჯანდაცვის, განათლების და სადაზღვევო სისტემების ორგანიზატორები, საინფორმაციო და ტელესაკომუნიკაციო ტექნოლოგიების ექსპერტები, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

ელექტრონული ჯანმრთელობა (e-Health, ასევე _ “ტელეჯანმრთელობა”, “ციფრული ჯანდაცვა”) განისაზღვრება როგორც იმ მომსახურებათა ერთობლიობა, რომლებიც მედიცინის/ჯანდაცვისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების შესაყარზე შეიქმნა. ე-ჯანმრთელობა აერთიანებს  შემდეგ სექტორებს: ჯანმრთელობის მართვის საინფორმაციო სისტემებს, ელექტრონულ სამედიცინო ისტორიებს, ტელემედიცინას (მანძილზე დიაგნოსტირებას და მკურნალობას); ჯანდაცვის პროფესიონალთა ელექტრონულ დისტანციურ სწავლებას/დახელოვნებას; ჯანმრთელობის ცოდნის მართვის მეთოდოლოგიას; მობილურ ჯანმრთელობას _ m-Health (მ-ჯანმრთელობა) და სხვ. გარდა სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების დონის ამაღლების სერიოზული პოტენციალისა, ე-ჯანმრთელობა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში განიხილება, როგორც ეკონომიკის გაჯანსაღების და ჯანდაცვის სექტორის ზრდის ეფექტური ინსტრუმენტი.

რეგიონული ელექტრონული ჯანმრთელობის ქსელები (რეჯიქს) შედარებით ინოვიაციური მიდგომაა მსოფლიოში და დღეისათვის სულ ორ ათეულამდე რეჯიქსი არსებობს: აშშ-ში სამაგალითოა ალიასკის ე-ჯანმრთელობის ქსელი, რომელიც 1,7 მლნ კვ. კმ-ზე 710 000 მომხმარებლის დასახმარებლად ჯანდაცვის 1000 მეტ პროფესიონალს აერთიანებს, ხოლო ევროკავშირში _ “დირაია”-ს ქსელი ესპანეთის ანდალუზიის რეგიონში (8 მლნ. მომხმარებელი, ჯანდაცვის 20 000 პროფესიონალი).

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი-სი-აი-ს“ კუთვნილი „უნიმედი აჭარის” ჰოსპიტალური ქსელი ბოლო 2 წლის განმავლობაში აშენებულ 6 ჰოსპიტალს - ბათუმის, ქობულეთის, ჩაქვის, ქედის, შუახევის და ხულოს საავადმყოფოებს (სულ - 330 საწოლი) - აერთიანებს. ამ ქსელის დასახმარებლად შექმნილი რეჯიქს-ის მოდელი ხელს შეუწყობს ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესებას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სადაც ე-ჯანმრთელობის ამოქმედება მიზანშეწონილია შემდეგი ფაქტორების გამო: დედაქალაქიდან სიშორე, ზღვასა და საზღვართან სიახლოვე, განვითარებული ტურიზმი, მაღალმთიანი რეგიონები და უხვთოვლიანი ზამთარი, რაც ტელემედიცინის პოტენციალს ზრდის, ტელეკონსულტაციების და დისტანციური სწავლების აუცილებლობა, და რეგიონში არსებული ოპტიკურ–ბოჭკოვანი მაღალსიჩქარიანი უსადენო ქსელების არსებობა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ “პარტნიორები ჯანმრთელობისათვის”, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ზვიად კირტავა უდგას სათავეში, კარგა ხანია, დაიმკვიდრა ტელემედიცინის და ე-ჯანმრთელობის სექტორის პიონერის ადგილი.  2000-2001 წწ. ამ ორგანიზაციამ, ატლანტა-თბილისის პარტნიორული თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში განახორციელა პირველი საერთაშორისო ამერიკულ-ქართული სატელიტური დისტანციური სამედიცინო სწავლების პროექტი, ხოლო 2010 წელს – მობილური ჯანმრთელობის პირველი პროექტი საქართველოში – არითმიების მობილური ტელემონიტორინგის მიმართულებით.

რეჯიქს პროექტის ფარგლებში შემუშავებულ იქნა ე-ჯანმრთელობის სერვისების ოპტიმალური განაწილება „უნიმედი აჭარის“ ჰოსპიტლებისათვის და მათზე დაყრდნობით სხვადასხვა დონის დაწესებულებების მოთხოვნილებები ინტერნეტის გამტარუნარიანობის (სიჩქარის) და სანდოობის მიმართ. ე-ჯანმრთელობის მულტისერვისული სპექტრის გათვალისწინებით განისაზღვრა ინტერნეტის მოწოდების მინიმალური და ოპტიმალური სიჩქარეები. შემდეგ ხარჯ-ეფექტურობის ანალიზით შეჯერდა სადენიანი, უსადენო ან ჰიბრიდული ტელესაკომუნიკაციო საშუალებებით ინტერნეტის მოწოდების ალტერნატივები და შედგა რეჯიქს-ის გეოინფორმაციული სისტემის რუკა მონაცემთა სხვადასხვა ბაზით.

პროექტის შედეგები წარმოდგენილ იქნა საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრებზე:

ა)ლაიბნიცის ინფორმატიკის ცენტრის დაგსტულის სემინარზე _ „მომავლის ინტერნეტი ელექტრონული ჯანმრთელობისათვის” (ვადერნი, გერმანია, 3-6.06.2012); ბ)გლობალური ტელეჯანმრთელობის მე-2 საერთაშორისო კონფერენციაზე (სიდნეი, ავსტრალია, 26-28.11.2012) და გ)მე-6 საერთაშორისო სემინარზე - “ელექტრონული ჯანმრთელობა განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებისათვის” IWEEE-2013 (ლას პალმასი, ესპანეთი 25.01.2013).

მიღებული შედეგების დანერგვა უკვე წარმატებით ხდება “უნიმედი აჭარის” ქსელში. მომავალში დაგეგმილია თანამშრომლობა ელექტრონული ისტორიის ფორმატის, დისტანციური სწავლების პლათფორმის, ცოდნის მართვის და შეფასების სისტემის სრულყოფილ დანერგვაში. “პარტნიორები ჯანმრთელობისათვის” ასევე აპირებს ელექტრონული სამედიცინო ისტორიის თავისუფალი პროგრამის GNU Health განვითარებას და ადაპტირებას საქართველოს ჯანდაცვის სექტორის მოთხოვნილებების შესაბამისად. 

რეჯიქს პროექტი დაფინანსებულია აშშ სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF-Global), საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (GRDF) და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ბიზნეს-პარტნიორობის STEP  პროგრამის ერთობლივი გრანტის ფარგლებში. თანადაფინანსების წყარობიზნეს-პარტნიორი კომპანია ალდაგიბი-სი-აი.

()იპპარტნიორები ჯანმრთელობისათვის

კონტაქტი: 294 13 88   294 13 86     zkirtava@yahoo.com,       zkirtava@nilc.org.ge       http://PfH.medportal.ge