თსსუ–ის დოქტორანტის გიორგი დუღაშვილის წარმატებული ვიზიტი სამხრეთ კორეის ქალაქ პიონგჩანგში

2012 წლის 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, თსსუ–ის N.1 სტომატოლოგიურმა კლინიკამ ჩაატარა აქცია. თბილისის N.200–ე საჯარო სკოლის 25 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეთათვის, რომლებსაც კლინიკის ექიმების მიერ უფასოდ ჩაუტარდათ სრული სტომატოლოგიური მომსახურეობა (პირის ღრუს სანაცია, ექსტრაქციები, ენდოდონტიური და სარესტავრაციო სამუშაოები). მოსწავლეებს, ასევე გაუწიეს კონსულტაცია  პირის ღრუს ჰიგიენასა და კბილების მოვლის შესახებ.  ჩატარებული აქცია ატარებდა, როგორც შემეცნებით, ასევე გასართობ ხასიათს. აქციის ბოლოს  გაიჭრა საზეიმო ტორტი  და მოსწავლეებს გადაეცათ საჩუქრები, რომელიც აქციის ერთ–ერთმა პარტნიორმა კომპანიამ "Colgate"-მა დააწესა. 

კლინიკაში ჩატარებულმა აქციამ დადებითი ემოციებით აავსო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები. შემდგომ კლინიკას დაუკავშირდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან და აუწყეს, რომ 2013 წლის თებერვალში, სამხრეთ კორეის ქალაქ პიონგჩანგში, ეწყობოდა ზამთრის სპეციალური მსოფლიო ოლიმპიადა (The 2013 Special Olympics World Winter Games in PyeongChang), და მადლიერების ნიშნად გამოიყო 1 ადგილი   კლინიკის აქტიური თანამშრომლისთვის ოლიმპიადაზე ექიმის სტატუსით გასამგზავრებლად. აღნიშნული მიმართულებით, კლინიკის მიერ, დელეგირებულ იქნა  ახალგაზრდა ექიმ–სტომატოლოგის (თერაპევტის), თსსუ–ის დოქტორანტის გიორგი დუღაშვილის კანდიდატურა, რომელიც საჭირო  ფორმალობათა გავლის შემდეგ, 2013 წლის 2 თებერვალს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში გაემგზავრა სამხრეთ კორეაში.  ოლიმპიადის ოფიციალურ გახსნამდე გიორგი დუღაშვილს ჩაუტარდა ტრენინგი, რითაც განისაზღვრა მისი, როგორც ექმის უფლება-მოვალეობები. 

მსოფლიო ოლიმპიადის მიმდინარეობის პერიოდში ჩვენმა წარმომადგენელმა სრულყოფილად შეასრულა დაკისრებული მოვალეობები. გარდა პროფესიული მოვალეობისა, გიორგი დუღაშვილი სინქრონულად თარგმნიდა ოთხ ენაზე (ინგლისური, გერმანული, რუსული და იტალიური), მუშაობდა კლინიკაში ექიმ-სტომატოლოგად და ა.შ. მთლიანობაში, ოლიმპიადაზე ყოფნის მთელი ორკვირიანი პერიოდის მანძილზე, მის მიერ კონსულტირებული და ნამკურნალებია  160 მდე ათლეტი.

თბილისში დაბრუნების შემდეგ კლინიკაში  მოვიდა არაერთი აღტაცებული წერილი აშშ-დან, ავსტრალიიდან,  რომლებიც ეხებოდა მის მოღვაწეობას მსოფლიო ოლიმპიადაზე. იმავდროულად, მსოფლიო ოლიმპიადის ოფიციალურ საიტზე დაიდო მასალა, რომელიც ასახავს მის მუშაობას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამყარებული კონტაქტი ოლიმპიადის სამედიცინო მხარის ორგანიზატორებთან, კერძოდ, პროფესორ სტივენ პერლმანთან, რომელმაც სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტ გიორგი დუღაშვილთან შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.