„ღია კარის დღე“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში

2013 წლის 13 აპრილს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის სადისერტაციო დარბაზში აბიტურიენტებისთვის ჩატარდა „ღია კარის დღე“, სადაც ტრადიციულ პროგრამებთან ერთად, წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია – „მედიცინის ამერიკული პროგრამის“ (აშშ, ატლანტა) და ქართულ–ფრანგული პროგრამის – „საზოგადოებრივი ჯანდაცვის  და მენეჯმენტის“ („უნიმენი“, საფრანგეთი) შესახებ.

„ღია კარის დღე“ გახსნა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ. პრეზენტაციები წარმოადგინეს: მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა სამსონ მღებრიშვილმა, ფარმაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დალი ბერაშვილმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ბიძინა ზურაშვილმა, ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა კახაბერ ჭელიძემ. ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ აბიტურიენტების შეკითხვებს უპასუხა ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის ლოჯისტიკის სამსახურის უფროსმა მაია გაბუნიამ.

„ღია კარის დღეზე“ რექტორის მოადგილემ, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა და უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის უფროსმა, პროფესორმა გიორგი გიორგობიანმა ვრცლად ისაუბრეს 2013/2014 სასწავლო წლის მთავარი სიახლის –  „მედიცინის ამერიკული პროგრამის“ შესახებ, რომელიც შემუშავდა და განხორციელდა თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა)  სამედიცინო სკოლის (ESOM) ერთობლივი პროექტის საფუძველზე.

„მედიცინის ამერიკული პროგრამის“  მიზანია, აღზარდოს საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანი და სათანადო კომპეტენციის  მქონე კვალიფიციური ექიმები (მედიკოსები), რომლებიც მზად არიან დიპლომისშემდგომი განათლებისა და სპეციალური მზადებისათვის, როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.

„მედიცინის ამერიკული პროგრამა“ გამოირჩევა, როგორც უმაღლესი აკადემიური სტანდარტების მქონე კადრების მომზადებით, ისე ინდივიდუალური მიდგომით სტუდენტებთან.  

„მედიცინის ამერიკულ პროგრამა“–ზე ჩასარიცხად საჭიროა:

– საქართველოს მოქალაქეებისათვის – ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი;

– საქართველოს მოქალაქეებისათვის - ერთიან ეროვნული გამოცდებზე ინგლისურ ენაში მიღებული შეფასება უნდა აღემატებოდეს მაქსიმალურ ქულათა რაოდენობის 75%-ს.

დიპლომირებული მედიკოსის ამერიკულ პროგრამაზე სწავლის წლიური საფასური შეადგენს:

– საქართველოს მოქალაქეებისთვის – 8.000 ლარს – (ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული გრანტი აკლდება სწავლის საერთო საფასურს);

– უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 10.000 აშშ დოლარი – (ეკვივალენტი ლარში). 

 

აღსანიშნავია, რომ ამერიკულ პროგრამაზე ჩარიცხული საქართველოს მოქალაქეები   ისარგებლებენ უპროცენტო სესხით. 

„ღია კარის დღეზე“ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თსსუ–ის ქართულ–ფრანგულ საბაკალავრო პროგრამას – ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა და მენეჯმენტი“, რომელიც შემუშავდა და განხორციელდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და მენეჯმენტის და აღსრულების აკადემიის („უნიმენი“, საფრანგეთი) ერთობლივი პროექტის საფუძველზე.

სწავლის ხანგრძლივობა 4 წელია. სწავლის საფასური საქართველოს მოქალაქეებისათვის შეადგენს 4.000 ლარს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის – 4 000 ამერიკულ დოლარს. აღნიშნული დიპლომების ვალიდურობა პროგრამის კურსდამთავრებულს საშუალებას მისცემს   მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება საფრანგეთშიც.