თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში უახლესი სასწავლო-სამედიცინო განათლების ტექნოლოგიები ინერგება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში უახლესი სასწავლო-სამედიცინო განათლების მისაღებად თანამედროვე ტექნოლოგიები ინერგება. 2013 წლის გაზაფხულზე ცენტრში განთავსდა – „ანატომიური სტრუქტურების და დიაგნოსტიკური ინფორმაციის განხილვის ინტერაქტიული მაგიდა “ANATOMAGE” –  მგრძნობიარე ეკრანით.

 

მაგიდა წარმოადგენს დიდ კომპიუტერს, რომელზეც შესაძლებელია პაციენტის გამოკვლევებიდან მიღებული მონაცემების (CT, US, MRI) დეტალური გარჩევა და სამედიცინო შემთხვევის განხილვა მაღალ დონეზე, რაც რეალურად დამამთავრებელი კურსის სტუდენტების, რეზიდენტების, უმცროსი ექიმების და ექიმების პრეროგატივაა. მაგიდის მაღალგარჩევიანობის უნართან შერწყმული კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრში არსებული სიმულატორების შესაძლებლობები  (ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, ეკგ გადაღება, პაციენტის რეანიმაცია და სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგი, მშობიარობის მიღება და ორსულობის დიაგნოსტიკა) ერთობლივად იძლევა სამედიცინო შემთხვევის სრული აღდგენის საშუალებას (დიაგნოსტიკა, კონსილიუმი/მონაცემთა ინტერპრეტაცია, სამედიცინო მანიპულაციის შესრულება და პაციენტის სასიცოცხლო სისტემების მონიტორინგი).

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი პირველი უმაღლესი სასწავლებელია ამიერკავკასიაში, რომელმაც სასწავლო პროცესისთვის შეიძინა და დანერგა „ანატომიური სტრუქტურების და დიაგნოსტიკური ინფორმაციის განხილვის ინტერაქტიული მაგიდა “ANATOMAGE” –  მგრძნობიარე ეკრანით.

 
 იხილეთ ვიდეო