თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ინდოეთში

2013 წლის 29 აპრილიდან 6 მაისამდე,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია და რექტორის მოადგილე, პროფესორი რიმა ბერიაშვილი, ინდოეთის საგანმანათლებლო–საკონსულტაციო ორგანიზაციასთან (The Overseas Educational Promoters "OM" Consultants)  ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ ინდოეთში. ვიზიტის ძირითად მიზანს  თსსუ–ში  უცხოელ სტუდენტთა მოზიდვა წარმოადგენდა.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 10 წელზე მეტია ნაყოფიერად თანამშრომლობს ინდოეთის აღნიშნულ ორგანიზაციასა და მის დირექტორ  რუდრა კუმართან. ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, სამედიცინო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან სექტორზე უკვე სწავლობს  ინდოეთისა და შრი–ლანკის 800–მდე მოქალაქე.

ვიზიტის განმავლობაში ინდოეთის შვიდ სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა სარეკლამო–გაცნობითი ხასიათის სემინარები და შეხვედრები, სადაც ინდოეთის მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ  პრეზენტაციების, საინფორმაციო ბუკლეტების და ვიდეო–მასალების საშუალებით მაქსიმალური ინფორმაცია მიეღოთ  საქართველოს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და მისი, თითქმის საუკუნოვანი ტრადიციების შესახებ.

პიარ–კამპანიის შედეგად სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის სურვილი გამოთქვა ინდოეთის  მრავალმა მოქალაქემ.

ვიზიტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა ასევე შეხვდა თსსუ–ის ინგლისურენოვანი სექტორის სტუდენტების მშობლებს, რომელთაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწიეს დელეგაციას ინდოეთის სამთავრობო უწყებებთან და მედია–საშუალებებთან ურთიერთობის დროს.