კლუბი “მეგ”-ის მიერ ჩატარებული სტუდენტთა XIX სამეცნიერო კონფერენცია – “იშვიათი გენეტიკური დაავადებები”

2013 წლის 28 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო დარბაზში, სამეცნიერო კლუბ “მეგ”-ის ორგანიზებითა და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით ჩატარდა სტუდენტთა XIX სამეცნიერო კონფერენცია თემაზე - “იშვიათი გენეტიკური დაავადებები”.

კონფერენცია გაყოფილი იყო ორ ნაწილად. პირველი ნაწილი დაეთმო პოსტერულ სტენდებს, რომლებიც ეხებოდა იშვიათ გენეტიკურ დაავადებებს. პოსტერების უმეტესობა წარმოდგენილი იყო ინგლისურენოვანი სექტორის სტუდენტების მიერ. კონფერენციის მეორე ნაწილი გაგრძელდა ზეპირი მოხსენებებით, რომლებიც ძირითადად ექსპერიმენტულ მონაცემებს ეფუძნებოდა. წარმოდგენილი კვლევები ტარდებოდა როგორც თსსუ-ის, ასევე სხვა სამედიცინო მიმართულების ცენტრებში. კონფერენციის ბოლოს გაიმართა დებატები, რომელშიც მონაწილეობდნენ თსსუ-ის და სამედიცინო სკოლა “აიეტი”-ს სტუდენტები.

სამეცნიერო კონფერენცია დასრულდა საზეიმო ვითარებაში, სადაც ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატები და სამახსოვრო მაისურები კლუბ “მეგ” - ისა და თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის ლოგოების გამოსახულებით.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ თსსუ-ისა და სამედიცინო სკოლა ”აიეტი”-ს სტუდენტები.

წლის განმავლობაში სამეცნიერო და ექსპერიმენტულ საქმიანობას ხელმძღვანელობდა მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი და მოწვეული პედაგოგები. კლუბის მუშაობას და კონფერენციის ორგანიზებას კოორდინაციას უწევდნენ  კლუბის ყოფილი წევრები და  გენეტიკის დეპარტამენტის თანამშრომლები:  თინათინ ტყემალაძე, მარიკა სულაშვილი, ქეთევან ქართველიშვილი და ასევე, თსსუ-ის სტუდენტები: ქეთევან კანკავა, თამარ კვარაცხელია, თამარ ქვარცხავა და ანი სუხიაშვილი. კლუბის სამეცნიერო მიმართულებაზე მუშაობდა მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი ელენე აბზიანიძე.

სამეცნიერო კონფერენცია მიეძღვნა კლუბის ერთ-ერთ დამფუძნებლის  და ხელმძღვანელის, მოლეკულური და სამედიცინო გენეტიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის ვიოლა ბერიშვილის ნათელ ხსოვნას.

სამეცნიერო კონფერენციას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია,  ვიცე-რექტორი, პროფესორი დავით ჭავჭანიძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე კვაჭაძე, თსსუ–ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები.