თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტების ასოციაციის მესამე კონგრესზე

2013 წლის 20-21 მაისს, ქალაქ ბაქოში (აზერბაიჯანი) ჩატარდა კავკასიის უნივერსიტეტების ასოციაციის მესამე კონგრესი, რომელზეც მიწვეული იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია.

კონგრესს ესწრებოდნენ: აზერბაიჯანის განათლების მინისტრი მიქაილ ჯაბაროვი, აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი ეხლიმან ემირასლანოვი, თურქეთის რესპუბლიკის განათლების მინისტრი, პროფესორი ნაბი ავჯი, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი აზერბაიჯანში ალფერ ჯოშქუნი, რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საზოგადოების თავმჯდომარე, პროფესორი გოქჰან ჩეთინსაია, არდაგანის მხარის გუბერნატორი სეიფეთთინ აზიზოღლუ, თურქთა თანამშრომლობის და საკოორდინაციო სააგენტოს თავმჯდომარე, დოქტორი სერდარ ჩამი, საზღვარგარეთელი თურქების და მონათესავე ხალხების საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე მეჰმეთ ხოსე, კასპიის სტრატეგიული ინსტიტუტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჰალდუნ იავაში, კავკასიის უნივერსიტეტების ასოციაციის თავმჯდომარე, პროფესორი რამაზან ქორქმაზი, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TIKA) თბილისის პროგრამის კოორდინატორი, ბატონი რესულ დურმაზი, თურქეთის უნივერსიტეტების რექტორები. საქართველოს მხრიდან კონგრესს ესწრებოდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბატონი დავით ზურაბიშვილი, ასევე საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელები.

 

კონგრესი ეხებოდა კავკასიის უნივერსიტეტების ასოციაციის როლის განსაზღვრას კავკასიის რეგიონში. კონგრესზე განხილულ საკითხთა შორის, ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იყო “მევლანას” გაცვლითი პროგრამა, რომელიც გულისხმობს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გადამზადებას თურქეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. პროგრამის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს ეძლევა შესაძლებლობა, როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიანი სტაჟირება გაიარონ ათათურქის (ერზრუმი) და ჩუკუროვას (ადანა) უნივერსიტეტებში.

   


აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან ეხლიმან ემირასლანოვთან ერთად დაათვალიერა მშენებარე საუნივერსიტეტო კლინიკები, შეხვდა კოლეგებს, დაისახა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები.