2013 წლის 9 აგვისტოს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში გაიმართა შეხვედრა ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებთან, რომლებმაც ბილატერალური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ოცდაცხრა ივლისიდან ცხრა აგვისტომდე გაიარეს კლინიკური სწავლების კურსი თსსუ-ის საუნივერსიტეტო და პარტნიორ კლინიკებში:
შეხვედრას ესწრებოდნენ: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, რექტორის მოადგილე გიორგი აბესაძე, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სამსონ მღებრიშვილი, რექტორის აპარატის უფროსი ნინო რუხაძე და პროგრამის ორგანიზატორები: გიგა სორდია, მიხეილ დიაკონიძე და გოგი ჩიქოვანი.
რექტორი მიესალმა სტუდენტებს, გააცნო ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შესახებ, ხაზი გაუსვა პროგრამის მნიშვნელობას და გამოთქვა მზადყოფნა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ სომეხ კოლეგებთან.
სტუდენტებმა მადლობა გადაუხადეს მასპინძელი უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას გულთბილი დახვედრისათვის და პროგრამის მაღალ დონეზე ორგანიზებისათვის.
შეხვედრის დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ სტაჟირების დამადასტურებელი სერტიფიკატები.
![]() |