თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების საზაფხულო სტაჟირება ერევანში (სომხეთი)

2013 წლის 24 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის, სტომატოლოგიისა და ფიზიკური მედიცინის და რეაბილიტაციის ფაკულტეტების 23-მა სტუდენტმა, ბილატერალური აკადემიური გაცვლითი პროგრამის ფარგლებში,  საზაფხულო სტაჟირება გაიარა ერევნის საუნივერსიტეტო კლინიკებში.

პროგრამაში მონაწილე სტუდენტები გადანაწილებული იყვნენ შემდეგ დეპარტამენტებში: ქირურგია, მეან-გინეკოლოგია, რადიოლოგია, თერაპია, ორთოდონტია, ორთოპედია და თერაპიული სტომატოლოგია.

სტაჟირების პროგრამა უკვე მესამე წელია ხორციელდება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს რეგიონში მაღალკვალიფიციური სამედიცინო კადრების ჩამოყალიბებას და  ქართველ და სომეხ ახალგაზრდა მედიკოსებს შორის  პროფესიული კონტაქტების განვითარებას.

სასწავლო კურსის დასასრულს პროგრამის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები. შეხვედრა გაიმართა ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ მიხეილ ნარიმანიანთან, რომელმაც მადლობა გადაუხადა  ქართველ სტუდენტებს პროგრამაში მონაწილეობისათვის. მან ასევე ხაზი გაუსვა აღნიშნული სასწავლო კურსის მნიშვნელობას და მზადყოფნა გამოთქვა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან მომავალი ურთიერთობების განვითარების კუთხით.