თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების სტაჟირება პოზნანის საუნივერსიტეტო კლინიკებში (პოზნანი, პოლონეთი)

2013  წლის,   23   ივლისიდან   20   აგვისტოს  ჩათვლით,   თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის   სტუდენტებმა: არჩილ კალუჟამ, თამარ ქვარცხავამ, ხატია ხატიაშვილმა და მაია კაპანაძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში სტაჟირება  გაიარეს პოზნანის სამედიცინო მეცნიერებების   უნივერსიტეტის კლინიკების შემდეგ დეპარტამენტებში: ზოგადი ქირურგია, გულ–სისხლძარღვთა ქირურგია, ონკოლოგია–გინეკოლოგია, მეანობა-გინეკოლოგია  და  კარდიოლოგია.

 

პროგრამის ფარგლებში სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან  ურთიერთობის  სამსახურის უფროსი  სპეციალისტი, გოგი ჩიქოვანი, სამუშაო  ვიზიტით  იმყოფებოდა  პოზნანის  სამედიცინო მეცნიერებების უნივერსიტეტში.  

გაიმართა შეხვედრები  პოზნანის  სამედიცინო  მეცნიერებების უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან   საერთაშორისო   ურთიერთობების  და  მეცნიერების მიმართულებით, პროფესორ  იაროსლავ  ვალკოვიაკთან და საერთაშორისო  დეპარტამენტის ხელმძღვანელთან   ბოჟენა რადუხასთან .

შეხვედრაზე  განხილულ  იქნა  სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები  სტუდენტების  და  აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების ორგანიზებისა  და საერთაშორისო   პროექტებში   ერთობლივად   მონაწილეობის   კუთხით. მიღწეულია შეთანხმება მომავალი სასწავლო წლიდან სტაჟირების პროგრამაში მონაწილე  სტუდენტების რაოდენობის გაზრდისა და აგრეთვე პროგრამაში სტომატოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის  სტუდენტების მონაწილეობის  შესახებ.

შეხვედრები გაიმართა  პოზნანის საუნივერსიტეტო კლინიკებში – ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან,  პროფესორ ლეონ  დრობნიკთან და კარდიოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ მარეკ ბალინსკისთან, რომლებმაც   გამოთქვეს  სურვილი  ითანამშრომლონ  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან კლინიკებში სასწავლო პროცესის ხარისხის განვითარებისა და თანამედროვე  სასწავლო მეთოდების დანერგვის კუთხით. 

პოლონეთში მივლინების პერიოდში, 29 ივლისს,  გაიმართა ოფიციალური შეხვედრები გდანსკის  სამედიცინო უნივერსიტეტში (გდანსკი,პოლონეთი), რექტორთან პროფესორ იანუზ მორისთან, მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანთან,  პროფესორ მარია დუდიაკთან და საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ევა კისზკასთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები  და მიღწეულია შეთანხმება თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებასა და სტუდენტების და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესახებ გდანსკის სამედიცინო უნივერსიტეტსა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის.

სტაჟირების პროგრამის დასასრულს სტუდენტებს, გადაეცათ სასწავლო კურსის დამადასტურებელი სერტიფიკატები.