საზაფხულო სტაჟირება უტრეხტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში (ჰოლანდია)

2013 წლის 18-31 აგვისტოს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ხუთმა სტუდენტმა, საზაფხულო სტაჟირება გაიარა უტრეხტის (ჰოლანდია) უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის  ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტში (ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ–ის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის პროფესორი  დავით თოფურია).

სტაჟირებისას სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ დეტალურად შეესწავლათ და  ეწარმოებინათ: ადამიანის თავის, კისრის, გულ–მკერდის, მუცლის ღრუს და მენჯის ანატომიური დისექცია. ლექცია-სემინარები ინტერაქტიული ფორმატით მიმდინარეობდა, სადაც თითოეულ სტაჟიორს საშუალება ჰქონდა პრაქტიკული სასწავლო მასალის გამოყენებით გაევლო მეცადინეობა.

სტუდენტები ასევე გაეცნენ ანატომიური კვლევის უახლეს, სამ–განზომილებიან (3D) მეთოდს და ესწებოდნენ ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტში მიმდინარე სამეცნიერო-ლაბორატორიულ კვლევებს.

სასწავლო კურსის დასკვნით ნაწილში პროგრამის მონაწილეებს შეხვდა და შესაბამისი  სერტიფიკატები გადასცა უტრეხტის სამედიცინო ცენტრის ქირურგიული სპეციალობებისა და ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რონალდ ბლეისმა, რომელმაც დადებითად შეაფასა პროგრამის მონაწილეები და წარმატებები  უსურვა მომავალ საექიმო საქმიანობაში. ასევე, დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობის მომავალი გეგმები.

საზაფხულო სტაჟირების დასასრულს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  შემეცნებით–კულტურულ მხარეს. თსსუ–ის სტუდენტებმა დაათვალიერეს ქალაქის მუზეუმები და ღირსშესანიშნაობანი.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები: მარიამ კეკენაძე, მანანა ჯიქურაშვილი, ქეთევან კიკნაძე, ეთერ მაჭავარიანი, გიორგი ბიტკაშა, მადლობას უხდიან ჯგუფის ხელმძღვანელს, თსსუ–ის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის პროფესორ  დავით თოფურიას გაწეული ძალისხმევისთვის, რაც თითოეულ მათგანს დაეხმარა გაევლო პროფესიული სტაჟირება ევროპის ერთ–ერთ წამყვან უნივერსიტეტში. ასევე, განსაკუთრებული მადლობა გამოხატეს უტრეხტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ანატომიის დეპარტამენტის უფროსის, პროფესორ რონალდ ბლეის მიმართ, რომელმაც მაქსიმალური თანადგომა გამოხატა ქართველი სტუდენტების მიმართ.