გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ინიცირებული აქცია – ,,რა გჭირდება პირადად შენ უკეთესი სამყაროს შესაქმნელად“

2013 წლის 25 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ინიცირებულ  აქციაში – “რა გჭირდება პირადად  შენ  უკეთესი სამყაროს შესაქმნელად”.

ღონისძიება გაეროს ახალი გლობალური პროექტის ფარგლებში გაიმართა,  რომლის მიზანი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებაა. მსოფლიოს მასშტაბით  მოხდა მოსახლეობის  ფართო  მასების გამოკითხვა,  როგორ სამყაროში უნდათ ცხოვრება და რომელი სფეროების  განვითარებას ანიჭებენ უპირატესობას. შედეგების  მიხედვით  მოხდება  გაეროს შემდგომი  პროექტების  განვითარება.

აღნიშნულ აქციას მსოფლიოს მრავალი ქვეყანა, მათ შორის საქართველოც  შეუერთდა.

კვლევის ფარგლებში თბილისის სამი უნივერსიტეტის: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  სტუდენტებს  შესაძლებლობა  მიეცათ  დაეფიქსირებინათ საკუთარი პრიორიტეტები.

აქციის მსვლელობისას, თსსუ–ის I სასწავლო კორპუსის ფოიეში გაიხსნა  ტერმინალები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო გაეკეთებინა საკუთარი არჩევანი – 16 პრიორიტეტული საკითხიდან შეერჩიათ მათთვის ყველაზე აქტუალური 6  მიმართულება. 

საქართველოში, აღნიშნული პროექტის პარტნიორია საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი.  

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გამართულ გამოკითხვის პროცესს კოორდინირებას უწევდნენ საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის  წევრები და თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობა.