თსსუ–ის სტუდენტების საპროტესტო აქცია ნიგერიაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

2013 წლის 1 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსების ეზოში, 29 სექტემბერს ნიგერიაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით მოეწყო სტუდენტთა საპროტესტო აქცია, რომელშიც მონაწილეობდნენ თსსუ–ის სტუდენტები მსოფლიოს 38 ქვეყნიდან.

სტუდენტებმა დაგმეს ტერორისტული ორგანიზაციის ქმედება,  რომლის შედეგად   ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სასწავლო კოლეჯის საერთო საცხოვრებელზე თავდასხმისას დაიღუპა 50 ნიგერიელი სტუდენტი.

თავდასხმა მოხდა ღამის საათებში, მაშინ როდესაც სტუდენტებს ეძინათ. ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ისლამისტურმა მოძრაობა „ბოკო ხარამიმ" აიღო, (ტელეკომპანია BBC), რომლის მიზანიცაა ნიგერიის ჩრდილოეთ ნაწილში ხალიფატის შექმნა. 

თსსუ–ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა კახა აბულაძემ სტუდენტების მიმართვაში აღნიშნა: „დღეს, სამედიცინო უნივერსიტეტში შევიკრიბეთ 38 ქვეყნის მოქალაქე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რათა სოლიდარობა გამოვუცხადოთ ჩვენი უნივერსიტეტის ნიგერიელ სტუდენტებს 29 სექტემბერს ნიგერიაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, რომლის შედეგად დაიღუპა 50 სტუდენტი.

ჩვენ პატივს მივაგებთ დაღუპული სტუდენტების  ნათელ ხსოვნას და ვიზიარებთ მოკლულთა ოჯახების წევრების მწუხარებას.

ასევე, ვაფიქსირებთ ჩვენს კატეგორიულ პროტესტს ტერორისტულ ქმედებებთან მიმართებაში და ვგმობთ მისი ნებისმიერი სახის გამოვლინებას“.