შეხვედრა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის კლინიკის წარმომადგენელთან

2013 წლის 30 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე  გიორგი აბესაძე შეხვდა მიუნხენის (გერმანია) ტექნიკური უნივერსიტეტის კლინიკის ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორს ედუარდ მათევოსიანს.

შეხვედრას ესწრებოდნენ: დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი თამარ გამილაღდიშვილი, ასოციაცია ,,Aktion Strabenkinder in Georgien in Munchen”–ის თავმჯდომარე, თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის III კურსის სტუდენტი თეკლა  ლორთქიფანიძე, თსსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი, მოადგილე ირინა კაპეტივაძე, თსსუ-ის ქირურგიის დეპარტამენტი N1 ქირურგიულ სნეულებათა მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ლომიძე, ამავე დეპარტამენტის კერძო ქირურგიის N.1 მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი გია თომაძე.

შეხვედრაზე განიხილეს მიუნხენის სამედიცინო უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტები: სტუდენტების გაცვლა, სამედიცინო კადრების მომზადება, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და ა.შ. ასევე, საუბარი შეეხო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და  მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის კლინიკის მომავალი ურთიერთთანამშრომლობის საკითხებს.

1 ოქტომბერს, „მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი –  საუნივერსიტეტო კლინიკაში“ პროფესორმა ედუარდ მათევოსიანმა თსსუ–ის სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექციები შემდეგ თემაზე:

– „ორგანოთა ტრანსპლანტაცია: ღვიძლი, თირკმელი, პანკრეასი, გული“;
– „ექსპერიმენტული ოპერაციები (ცდები ცხოველებზე) – ორგანოთა ტრანსპლანტაცია კლინიკურ ფარგლებში“.