საერთაშორისო კონფერენცია - „ახალი საუკუნის მორფოლოგია“

2013 წლის 26–27 სექტემბერს, კიევში (უკრაინა) უკრაინის ბიორესურსებისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ეროვნული უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდა აკადემიკოს ვლადიმერ გ. კასიანენკოს სახელობის ცხოველთა ანატომიის კათედრის I საპატიო წევრის, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ სავა მანზიას 100 წლისთავისადმი მიძღვილი საერთაშორისო კონფერენცია „ახალი საუკუნის მორფოლოგია“, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდა თსსუ–ის ადამიანის ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მაია დგებუაძე. აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტის საპატიო წევრი გახლავთ უკრაინის პატრიარქი უწმინდესი ფილარეტი.

კონფერენციას ესწრებოდნენ ცნობილი მეცნიერები: ფინეთიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, ისრაელიდან და დსთ–ს ქვეყნებიდან. პროფესორი მაია დგებუაძე კონფერენციის გახსნაზე გამოვიდა მისასალმებელი სიტყვით, ასევე, სექციურ სხდომაზე წარმოდგენილი იყო სამეცნიერო მოხსენება „ერითროციტების სფერულაციის შესწავლა რეპროდუქციული და მენოპაუზის ასაკის ქალებში“.

26 სექტემბერს, უნივერსიტეტის ცხოველთა ანატომიის კათედრაზე გაიხსნა და სამუდამოდ დარჩება ჩარჩოში ჩასმული სურათი, სადაც აღნიშნულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლოგო, თსსუ–ის დასახელება ქართულ, უკრაინულ და ინგლისურ ენებზე, ასევე, ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორის სახელი და გვარი – მაია დგებუაძე.

ცერემონიის დასასრულს, ქალბატონმა მაიამ ტრადიციისამებრ თსსუ–ის ეზოდან აღებული მიწა შეურია მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან, სხვადასხვა დროს ჩამოტანილი მიწის ნიმუშებს.