საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსის, პროფესორ ია ავალიანის ვიზიტი პარიზში

2013 წლის 26 აგვისტოდან 21 სექტემბრის ჩათვლით, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი, ERASMUS MUNDUS–ის პროგრამის II აქტივობის ფარგლებში მივლინებით იმყოფებოდა პარიზის XII უნივერსიტეტში (საფრანგეთი) – Univerite Paris-East-Creteil (UPEC).

სტაჟირება მოიცავდა აკადემიური პერსონალის მობილობას საუნივერსიტეტო კლინიკის – ჰენრი მონდორის საავადმყოფოს (Hospital Henri Mondor) კარდიოლოგიურ  განყოფილებაში, სადაც პროფესორმა ია ავალიანმა გაიარა როტაცია  ინტენსიური კარდიოლოგიის ბლოკში, რიტმოლოგიის,  გულის უკმარისობის განყოფილებაში და  ფუნქციონალური დიაგნოსტიკის ლაბორატორიაში.

მივლინების ფარგლებში, პროფესორი  ია ავალიანი  შეხვდა პარიზის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ  ჟანლუკ დებუა–რანდეს,  უნივერსიტეტის ვიცე–რექტორს საერთაშორისო ურთიერთოების დარგში კლერ სოტინელს, საერთაშორისო  ურთიერთობების  დეპარტამენტის  ხელმძღვანელს  ელის ლამარეს, მედიცინის ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორს,  პროფესორ  ფილიპ  გრიმბერტს და სხვა ოფიციალურ პირებს.

ფრანგ კოლეგებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო:  თსსუ–სა და პარიზის უნივერსიტეტს შორის ERASMUS MUNDUS–ის პროგრამის ფარგლებში არსებულ თანამშრომლობასა და ორ უნივერსიტეტს შორის ბილატერალური ხელშეკრულების  გაფორმების საკითხებს.

ვიზიტისას პროფესორმა ია ავალიანმა  მონაწილეობა მიიღო ფრანგი და უცხოელი სტუდენტების ახალი ნაკადისათვის მიძღვნილ  საორიენტაციო ღონისძიებების – ,,Happy UPEC” დაგეგმვასა და განხორციელებაში, გაეცნო კომპიუტერულ–ინფორმატიკულ სისტემებს,  რომელიც   ელექტრონული  დაკვირვების საშუალებას  იძლევა სტუდენტების მიერ განხორციელებულ ღამის მორიგეობებზე, სასწავლო კლინიკური მოდულების შერჩევის პროცესზე და სტუდენტების პორტფოლიოზე.