თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შორის გაფორმდა ხელშეკრულება

2013 წლის 17 ოქტომბერს, გაფორმდა ხელშეკრულება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს შორის. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხრიდან: უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია,  დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზაზა ბოხუა, სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ბესარიონ კილასონია, ამავე დეპარტამენტის პროფესორი რუსუდან ბერიაშვილი (საერთაშორისო ექსპერტი).

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მხრიდან: ბიუროს უფროსი გიორგი ხიზანიშვილი, პირველი მოადგილე ვახტანგ კარგარეთელი, მოადგილე როსტომ ლაზარია, ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი თეონა კეკუსანძე, ბიუროს ექსპერტები.

 

ხელშეკრულების მიზანია: სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა და სამედიცინო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობა კლინიკურ, ლაბორატორიულ, სამეცნიერო და საგანმანათლებლო საკითხებში, თანამშრომლობა დიპლომისშემდგომი უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაში, რაც უზრუნველყოფს ექსპერტთა ახალი კადრების მომზადებას და არსებული კადრების გადამზადებას. ამ მიზნით, ორივე მხარე განახორციელებს თანამშრომლობას სასწავლო-მეთოდურ და სამეცნიერო სფეროში, ასევე, შემეცნებით საქმიანობას მედიცინის სხვადასხვა სფეროში სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს და სამედიცინო უნივერსიტეტის ბაზებზე.

ხელშეკრულება არეგულირებს მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობების სამ ბლოკს:

ა) სტუდენტთა სწავლების საგანმანათლებლო ურთიერთობების მოწესრიგებას სასამართლო მედიცინის კურსის პრაქტიკულად შესწავლის მიზნით;

ბ) რეზიდენტების/მაძიებლების პროფესიულ მომზადებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რაც უზრუნველყოფს ექსპერტთა ახალი კადრების მომზადებას; დიპლომისშემდგომი უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების რიგი ურთიერთობების მოწესრიგებას;

გ) პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლისას პრაქტიკული უნარ-ჩვევების სწავლებასთან დაკავშირებულ ურთიერთობათა მოწესრიგებას, ექიმთა პრაქტიკულ მომზადებას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს  ბაზებზე.