პოზნანის სამედიცინო მეცნიერებების უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი თსსუ-ში

2013 წლის 6–7 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია პოზნანის (პოლონეთი) სამედიცინო მეცნიერებების უნივერსიტეტის ვიცე–რექტორი, პროფესორი იაროსლავ ვალკოვიაკი და ამავე უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების  დეპარტამენტის   უფროსი  – ბოჟენა რადუხა.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები შეხვდნენ თსსუ–ის ვიცე–რექტორს, პროფესორ კახაბერ ჭელიძეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: თსსუ–ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი და მისი მოადგილე ირინა კაპეტივაძე, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიგა სორდია და ამავე სამსახურის უფროსი სპეციალისტი, გოგი ჩიქოვანი.

შეხვედრაზე ქართულმა და პოლონურმა მხარეებმა განიხილეს  სამომავლო  ურთიერთთანამშრომლობის საკითხები, სტუდენტების, აკადემიური და  ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამები, ერთობლივი  სამეცნიერო  პროექტების განხორციელებისა  და  საერთაშორისო  პროექტების  ფარგლებში   თანამშრომლობის მიმართულებები.

ურთიერთთანამშრომლობის მემორადუმის  ფარგლებში მოხდა შეთანხმება, რომელიც გულისხმობს მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტების გაცვლითი პროგრამის განხორციელებას  2013-2014  სასწავლო წელს.  

ვიზიტის მეორე დღეს, პროფესორმა იაროსლავ ვოლკოვიაკმა თსსუ–ის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკაში წაიკითხა ლექცია თემაზე –

 “ცისტური ფიბროზის გასტროენტეროლოგიური ასპექტები – მეტაბოლური დაავადებებისადმი სრულყოფილი მიდგომის ნიმუში”.