კლასიკური მუსიკის საღამო თსსუ-ს სტუდენტთა მონაწილეობით

2014 წლის 30 იანვარს თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა. მონაწილეობდნენ კონსერვატორიისა და სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები. შესრულდა შოპენის, ჯოპლინის, ბელინის, კაჩინის, სკრიაბინის, ხორავას, ფალიაშვილის, აზარაშვილის და ლაღიძის ნაწარმოებები.

განსაკუთრებით საამაყო იყო, რომ მომავალი ექიმები წარდგნენ აუდიტორიის წინაშე, როგორც ნიჭიერი და თვითმყოფადი შემსრულებლები: ანა არაბიძის, შორენა კოჭლამაზაშვილის, მარიამ მეტრეველის, ნინო მჭედლიძის, გურამ ნავროზაშვილის, ქეთევან რამიშვილის, თამარ ჯაბაურის, მარიამ ჯაიანის და დავით ჯიმშელეიშვილის. შესრულებულმა ნაწარმოებებმა პროფესიონალთა და მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგანაც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები მომავალი პროფესიონალი მუსიკოსების გვერდით გამოდიოდნენ სცენაზე. პასუხისმგებლობაც მეტი იყო და ნაწარმოების შესრულების დონეზე მოთხოვნაც – მაღალი.

კონცერტს ესწრებოდნენ: თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, პროფესორი რეზო კიკნაძე, ამირან გირგვლიანი (რომლის მიერ დამუშავებული, საფორტეპიანო ვარიანტად გადმოტანილი ტრანსკრიპციები შესრულდა კონცერტზე), კომპოზიტორები: ვაჟა აზარაშვილი, რუსუდან ხორავა, თვითმმართველობის ხელმძღვანელი მანანა გაბარაშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, ვიცე-რექტორი პროფესორი კახაბერ ჭელიძე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ირინე კვაჭაძე, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი, თვითმმართველობის  პრეზიდენტი კახა აბულაძე, სპორტისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ზაურ ფხალაძე, ცენტრის დირექტორის მოადგილე ბადრი მაჭავარიანი და სხვ.

კონცერტის მონაწილეებს მიესალმნენ თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, ბატონი რეზო კიკნაძე და თბილისის  სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი ზურაბ ვადაჭკორია, ორივე უმაღლესი სასწავლებლის თვითმმართველობის ხელმძღვანელები... 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტ ხელოვანთა გამოსვლა ნამდვილად ღირსეული სიტყვა იყო სტუდენტთა თვითშემოქმედების სფეროში.

როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრის კლასიკური მუსიკის განყოფილების ხელმძღვანელმა, გოდერძი ჩიტაიშვილმა გვითხრა, თსსუ-ს კონცერტზე წარმოდგენილ სტუდენტთა უმრავლესობას მუსიკალური შვიდწლედი აქვს დამთავრებული, ზოგს ტექნიკუმშიც კი გაუგრძელებია სწავლა, მაგრამ მერე სამედიცინო სფეროსკენ გადმოსძლია ინტერესმა... ცხადია, მუსიკისადმი სიყვარული არ ქრება. როცა ანატომიასა და ფიზიოლოგიაში, სხვა სამედიცინო დისციპლინებში მეცადინეობას დაამთავრებენ, უკრავენ, სწავლობენ ახალ პიესებს. საამისოდ თსსუ-ს ადმინისტრაცია ყველანაირად უწყობს ხელს.  სტუდენტები ხალისით მოდიან რეპეტიციებზე. შედეგიც სახეზეა. ისინი ყველა საუნივერსიტეტო ღონისძიებაში და კონცერტში ღებულობენ მონაწილეობას. შარშან სექტემბერში, ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მიწვევით, ბათუმშიც იყვნენ და მაღალი დონის კონცერტი ჩაატარეს. ახლა უკვე კონსერვატორიის მხრიდან მიიღეს მიწვევა. ეს თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე...

მნიშვნელოვანია, რომ ამ ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდა. ამიერიდან გვექნება მჭიდრო კავშირი. მომავალში კონსერვატორიის სტუდენტები მოვლენ და სამედიცინო უნივერსიტეტის დარბაზში ჩაატარებენ ჩვენს სტუდენტებთან ერთობლივ კონცერტს.