სემინარი ოსტეოართროზის დიაგნოსტიკასა და სამკურნალო საშუალებებზე

2014  წლის  1 თებერვალს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის დოქტორმა, ბრიუსელის უნივერსიტეტის პროფესორმა შტეფან დენიუეთმა ჩაატარა სემინარი „ოსტეოართროზის დიაგნოსტიკა, მკურნალობის პრინციპები, ინიექციის ტექნიკის თავისებურებები და უსაფრთხო სამკურნალო საშუალებები”.

შტეფან დენიუეთი ორთოპედიული ქირურგიის, ტრავმატოლოგიისა და სპორტული მედიცინის დარგში მუშაობს და შედეგების თვალსაზრისით, ერთ–ერთი წარმატებული და საინტერესო სპეციალისტია. მისი გამოცდილება გასული წლის სექტემბერში უკვე გაიცნეს და გაიზიარეს ქართველმა სპეციალისტებმა, სტუდენტებმა და მეცნიერებმა. მაშინ პროფესორ დენიუეთის სემინარი  იმდენად რეზონანსული იყო, რომ კომპანია „ნატუროპათმა“ გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ მოეწვია საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან თემაზე სემინარის ჩასატარებლად.

თენგიზ ტერუნაშვილი – კომპანია ,,ნატუროპათის" დირექტორი, საქართველოს ბიოლოგიური მედიცინის ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტი  აღნიშნავს, რომ ამ სემინარს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ყველა დაინტერესებული პირისთვის. პროფესორი დენიუეთი ბიოპუნქტურისა და აქტიურ წერტილებში, უშუალოდ სახსრებში ინიექციების გაკეთების გამორჩეულ ტექნიკას ფლობს, რისი ნახვის საშუალებაც ყველა დამსწრეს მიეცა.  

სემინარს ესწრებოდნენ თსსუ–ს ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანი – პროფესორი ლელა მასხულია და სტუდენტები.

გამოცდილი სპეციალისტები და მომავალი ექიმები დაინტერესდნენ  დოქტორ დენიუეთის ტექნიკითა და დიაგნოსტირების  ხერხებით.