დავით სერგეენკო: რეცეპტის დაბრუნება ჩვენს რეალობაში დადებით შედეგს მოიტანს

თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო  უნივერსიტეტში,  საქართველოს  სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების ინიციატივით, გაიმართა შეხვედრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, დავით სერგეენკოსთან. შეხვედრას ესწრებოდნენ თსსუ–ს რექტორი, პროფესორი  ზურაბ ვადაჭკორია, კანცლერი ზურაბ ორჯონიკიძე, სამედიცინო ასოციაციების პრეზიდენტები და მედიკოსები მთელი საქართველოდან.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, რეცეპტის ინსტიტუტის დამკვიდრებასთან დაკავშირებით, მოისმინა პრაქტიკოსი ექიმების შეკითხვები და მოსაზრებები. წარადგინეს რეცეპტის (ფორმა N3) ორი ვარიანტი და ელექტრონული ფორმა.

როგორც მინისტრმა, დავით სერგეენკომ აღნიშნა, რეცეპტის წერის სისტემა არსებობდა, მაგრამ ერთგვარად მოიშალა და ეს კულტურა, თითქოს, დავიწყებას მიეცა. არადა, რეცეპტი შესანიშნავად არეგულირებს ურთიერთობას პაციენტსა და ექიმს შორის. რეცეპტის დაბრუნება ჩვენს რეალობაში დადებით შედეგს მოიტანს: შემცირდება თვითმკურნალობით გამოწვეული მძიმე შედეგები, სააფთიაქო  ნარკომანია, არ მოხდება თვითნებური ცვლილება დანიშნულებაში. ექიმებს განემარტათ, რა ენაზე, როგორ უნდა შეავსონ რეცეპტი, როგორ აუხსნან პაციენტს მისი მოხმარების წესები.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს ეტაპობრივ  ცვლილებებს, რომ შედარებით ნაკლები პრობლემების ფონზე მოხდეს რეცეპტების სისტემაზე გადასვლა.  რეცეპტების ელექტრონული ვერსიის ნახვა შესაძლებელია სამინისტროს ოფიციალურ საიტზე. მინისტრის, დავით სერგეენკოს სიტყვით, მსგავსი შეხვედრა კიდევ დაინიშნება, შეჯერდება ყველა შენიშვნა და წინადადება.