თსსუ–ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტის წარმატება მაიამის უნივერსიტეტში

თბილისის  სახელმწიფო  სამედიცინო უნივერსიტეტის მთავარი პრიორიტეტი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე სწავლებაა. ამისთვის ყველაფერი კეთდება. დღეს უკვე ნათელია, რომ თსსუ–ს ბაზაზე მომზადებული სტუდენტები ძალიან მაღალ დონეზე წარადგენენ თავს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მაიამის უნივერსიტეტის მილერის სამედიცინო სკოლიდან, სადაც თსსუ–ს IV კურსის სტუდენტი, კონსტანტინე გოგიჩაიშვილი იყო მიწვეული კლინიკურ როტაციებში მონაწილეობის მისაღებად, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის სახელზე წერილი მოვიდა.  

წერილში ნათქვამია, რომ კონსტანტინე გოგიჩაიშვილმა წარმატებით დაამთავრა  აღნიშნული კურსი. მისი შეფასებები  (1–100 ქულის სისტემით), მართლაც მომავალი წარმატების მომასწავებელია:

შინაგანი სნეულებები – 84  ქულა

გულ–სისხლძარღვთა დაავადებები –  93 ქულა

ნევროლოგია – 80 ქულა

დერმატოლოგია  –   83 ქულა

უროლოგია   –   79 ქულა

ზოგადი ქირურგია – 91 ქულა

პრევენციული მედიცინა – 87 ქულა

კონსტანტინე გოგიჩაიშვილმა კლინიკური როტაცია მაიამის უნივერსიტეტის საავადმყოფოს სტაციონარში დაიწყო. მისი ხელმძღვანელის შეფასებით, ,, კონსტანტინეს მოღვაწეობის მთელი თვე იყო წარმატებული“ .    როტაციის მეორე ნახევარი კონსტანტინემ გაატარა ჯექსონის სახელობის საავადმყოფოში. მისი ხელმძღვანელი აქაც ძალიან კმაყოფილი დარჩა: „კონსტანტინემ გამოავლინა უზარმაზარი ენთუზიაზმი როგორც სწავლის, ასევე მუშაობის დროს. მისი სამედიცინო განათლება, როგორც მოსალოდნელი იყო, შეესაბამება სასწავლო პროგრამის დონეს, ამასთან ერთად, ზოგიერთ დისციპლინაში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი, კერძოდ –კარდიოლოგიაში.  მოიძია დამატებითი ლიტერატურა ლექციებზე და შემოვლებზე  მიწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც მას ასევე დადებითად ახასიათებს. კონსტანტინემ როტაციის დროს დაასრულა ექვსი პაციენტის ისტორია და ფიზიკალური გამოკვლევა, რაც ასახავს მის დიდ მონდომებასა და ძალისხმევას. ის ყოველთვის დროულად ასრულებდა  დაკისრებულ მოვალეობას.“

კონსტანტინე გოგიჩაიშვილმა ორი კვირა გაატარა ზოგადი ქირურგიის, შემდგომ კი ერთი კვირა თორაკალური ქირურგიის განყოფილებაში.  ორი კვირის განმავლობაში, ყოველ მესამე დღეს, ის აქტიურად მორიგეობდა ტრავმა–შოკის სამსახურში.  იმყოფებოდა როტაციაზე  ორთოპედიის და სამი სხვა ქვესპეციალობის განყოფილებებში...  მან ყველგან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, როგორც ინტელექტუალურმა და პროფესიული უნარ–ჩვევების მქონე, მცოდნე და მოტივრებულმა ახალგაზრდამ.

იხილეთ ბმული: