მეანობა–გინეკოლოგიაში ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (ოსკი) ჩატარდა

2014 წლის 11–12 თებერვალს ჩატარდა  ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა (ოსკი) მეანობა–გინეკოლოგიაში მედიცინის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტებისთვის. ეს მაღალ დონეზე ორგანიზებული საერთაშორისო დონის გამოცდა მედიცინის ფაკულტეტზე პირველად ჩატარდა და სტუდენტებისა და პროფესორ–მასწავლებლების ორმხრივი მოწონება დაიმსახურა.

ორი დღის განმავლობაში 276 სტუდენტი გავიდა ოსკის გამოცდაზე მეანობა–გინეკოლოგიაში. ისინი ოთხ ნაკადად იყვნენ დანაწილებული.  თითოეული ნაკადის  ყოველი გამოსაცდელი ერთსა და იმავე კითხვას პასუხობდა. გამომცდელისთვის მომზადებული იყო შეფასების ფურცელი. სტუდენტი გამოცდაზე გადიოდა მინიჭებული ნომრით და მისი ვინაობა დასტურდებოდა გამოცდის შედეგების შეჯამების შემდეგ.  როგორც თავად სტუდენტებმა აღნიშნეს, ეს იყო ყველაზე ობიექტური და მაღალი დონის გამოცდა. 

მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თინათინ ჩიქოვანმა განმარტა, რომ  ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა – ეს ნიშნავს მომავალი ექიმის  კომპეტენციის შემოწმებას, როგორც ცოდნის, ისე კომუნიკაციური და კლინიკური უნარ–ჩვევების თვალსაზრისით. „ჩვენ ფაკულტეტზე, პროპედევტიკის დეპარტამენტში,  2008–2009 წლიდან ტარდება კლინიკური გამოცდები, მაგრამ გამოცდის ობიექტურად სტრუქტურირებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ პროექტზე წლებია, ვმუშაობთ. USAID-ის,   JSI–ს (ჯონ სნოუს ინკორპორაცია)  WHO–ს (ჯანმრთელობის მსოფილიო ორგანიზაცია)   დახმარებითა და მათთან თანამშრომლობით,  მეანობა–გინეკოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გაიარეს  ტრენინგები, რის საფუძველზეც  შექმნეს საერთაშორისო დონის პროგრამა  და სასწავლო მასალები,– გვითხრა გამოცდის დასრულებისას ქალბატონმა თინათინმა, – ეს არის გამოცდა საერთაშორისო სტანდარტით. მაგრამ ვიდრე აქამდე მოხვალ, მანამ უნდა მიმდინარეობდეს საერთაშორისო დონეზე სწავლება...  ეს თსსუ–ს მთავარი მიზანია და დიდი ძალისხმევის შედეგი“.

თსსუ–ში ჩატარებულ ობიექტურად სტრუქტურირებულ გამოცდას მეანობა–გინეკოლოგიაში აკვირდებოდა WHO–ს  ექსპერტი, ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი ბაბილ სტრეი პეტერსონი. მან მაღალი შეფასება მისცა ამ პრეცედენტს. მისთვის ძალიან სასიხარულოა, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მაღალ დონეზე მოხერხდა ამ გამოცდის ჩატარება. მისივე თქმით, სტუდენტები  აბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას, გამომცდელები აფასებენ მათ ცოდნას, აკვირდებიან უნარ–ჩვევებს, როგორ შეუძლიათ დაგეგმონ და განახორციელონ პაციენტის დახმარება, კომუნიკაცია ჰქონდეთ მასთან. ეს დიდი სამუშაოა.

ოსკი  ახალი  და ძალიან ობიექტური გამოცდის ფორმაა, რომელიც ოსლოს უნივერსიტეტში სწორედ პროფესორმა ბაბილ სტრეი პეტერსონმა დანერგა.

ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდა თსსუ–დან მივლინებულმა ჯგუფმა ნორვეგიაში, ოსლოს უნივერსიტეტში შეისწავლა. თსსუ–ში გამოცდა ჩატარდა კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრში. სწორედ ამ ბაზაზე შეისწავლეს სტუდენტებმა საერთაშორისო დონის გამოცდის ჩასაბარებლად საჭირო პრაქტიკული უნარ–ჩვევების ნაწილი.

ირმა მანჯავიძე  _  კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის დირექტორი  და გამოცდის ერთ–ერთი ორგანიზატორი გახლავთ. მან აღნიშნა:  რომ არა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის,  ადმინისტრაციის, მედიცინის ფაკულტეტის დეკანისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი მხარდაჭერა, მეანობა–გინეკოლოგიაში ოსკის გამოცდას ვერ დავნერგავდით.  ძალიან ძვირადღირებული გამოცდაა. მზადება სექტემბერში დავიწყეთ. დეკემბერში შევიმუშავეთ დაწვრილებითი  ინსტრუქციები. გამოცდაზე ყველამ დეტალურად იცოდა თავისი ფუნქცია. სტუდენტებს განემარტათ ყველა წესი, საგანგებოდ დავბეჭდეთ პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე. ბატონ ნიკოლოზ კინტრაიასთან შეთანხმებით,  წინასწარ მომზადდა კონსულტირების ცხრილი. ამას წინ უძღვოდა პილოტაჟი, სადაც გვესწრებოდნენ უცხოელი ექსპერტებიც. ყველაზე კარგად ორგანიზებულ გამოცდასაც კი სჭირდება შემდგომი გააზრება და დახვეწა. ჩვენ ამაზეც ვმუშაობთ.