თსსუ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

2014   წლის  14 და 15 თებერვალს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ განათლების საერთაშორისო გამოფენა მოეწყო.

წარმოდგენილი იყო  საქართველოს ყველა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელი,  უცხოეთის უნივერსიტეტები, გაცვლითი პროგრამები. აბიტურიენტთა და მათი მშობლების მხრიდან დაინტერესება ძალიან დიდი იყო.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტენდთან განსაკუთრებული ხალხმრავლობა თვალშისაცემი გახლდათ. მოზარდები ინტერესით ეცნობოდნენ ყველა ნიუანსს, უყურებდნენ სპეციალურ კლიპს, სადაც ასახული იყო თსსუ–ში სწავლის პროცესი, საინტერესო პრაქტიკული სამუშაოები მულაჟებთან, სამედიცინო აპარატურასთან. მომავალ სტუდენტებს სწორი არჩევანის გაკეთებაში რომ დახმარებოდნენ, სტენდთან ახალგაზრდებს ხვდებოდნენ  თსსუ–ს რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია; ვიცე–რექტორი, პროფესორი კახაბერ ჭელიძე; ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი; მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი; საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი ბიძინა ზურაშვილი; ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, ასოცირებული პროფესორი ლელა მასხულია;  სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი სამსონ მღებრიშვილი, სხვა პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები. თსსუ–ს კლინიკური უნარ–ჩვევების ცენტრის თანამშრომელი ბიძინა მუსაშვილი დაინტერესებულებს უჩვენებდა მულაჟებთან მუშაობის წესს, საშუალებას აძლევდა, თავად მოესინჯათ ის, რისი ინტერესიც ჰქონდათ – „გაესინჯათ პაციენტი“, მოესმინათ მულაჟის გულისცემა, ან შეემოწმებინათ მისი თვალის ფსკერი. როგორც აღმოჩნდა, მედიცინით უამრავი ახალგაზრდაა დაინტერესებული. ზოგი ახლა ირჩევს პროფესიას, ზოგს კი სამაგისტრო პროგრამები აინტერესებს. უმრავლესობა ადასტურებს, რომ თსსუ–ს რეკლამა არ სჭირდება, მისი ტრადიციები და დროით გამოცდილი სწავლების სისტემა ყველაზე საიმედოა მათთვის. მედიცინა ხომ ის დარგია, რომელსაც ტრადიცია და გამოცდილება ყველაზე მეტად სჭირდება იმ ინოვაციებთან ერთად, რასაც მუდმივად ნერგავს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.