თსსუ–ს გდანსკის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ

თსსუ–თან თანამშრომლობით არაერთი უცხოური უნივერსიტეტი ინტერესდება.  2014 წლის 13 თებერვალს თსსუ–ს  პოლონეთის, გდანსკის სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ.  პოლონელ კოლეგებს შეხვდნენ თსსუ–ს ვიცე–რექტორი, პროფესორი რიმა ბერიაშვილი;  საერთაშორისო ურთიერთობების  დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ია ავალიანი; მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თინათინ ჩიქოვანი; სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი გოგი ჩიქოვანი და უცხოელ სტუდენტთა განათლების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ლევან ბენაშვილი.  გდანსკის სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაციის ფაკულტეტის ვიცე–დეკანი,  ასოცირებული პროფესორი  მიხალ მარკუშევსკი  და  ასოცირებული პროფესორი სლავომირ ვოიჩიკი დიდი  ყურადღებით ისმენდნენ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტზე. დაათვალიერეს თსსუ–ს კლინიკური უნარ–ჩვევების  ცენტრი და აღფრთოვანებული დარჩნენ იმ ტექნოლოგიებით, რასაც დღეს ეს ცენტრი ფლობს. გდანსკის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა  საკუთარი უნივერსიტეტის შესაძლებლობები გააცნეს ქართველ კოლეგებს. სტუმრებმა იმედი გამოთქვეს, რომ სამომავლოდ შეძლებენ მჭიდრო და ორმხრივად საინტერესო ურთიერთობას თსსუ–თან, რაც ნამდვილად დადებითად აისახება როგორც მათ, ისე თსსუ–ს სტუდენტებისა და პროფესორ–მასწავლებლების საქმიანობაზე.