მესამე საერთაშორისო სკოლა–სემინარზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა სომხეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს უმასპინძლა

2014  წლის 14-17 თებერვალს, დაბა ბაკურიანში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფაკულტეტის ინიციატივითა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, ჩატარდა  მესამე საერთაშორისო სკოლა-სემინარი “კვლევის მეთოდები და კვლევითი უნარ-ჩვევები ჯანდაცვაში”.

სემინარში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმომადგენლების გარდა მონაწილეობდნენ: სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნუნე ქოჩარიანი,  ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო დარგში სტეირან ქოჩარიანი, თვითმმართველობის პრეზიდენტი ხაჩატურ მარგარიანი, სტუდენტები და რეზიდენტები.

მაგისტრებმა აუდიტორიის წინაშე  წარმოაგდინეს საკუთარი სამეცნიერო ნაშრომების ფრაგმენტები, საკუთარი ხედვა  პროფესიაში, სხვადასხვა საინტერესო მიგნება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის გამოცდილება, მოესმინათ სემინარები, მონაწილეობა მიეღოთ  გუნდურ პრეზენტაციებში. მიუხედვად იმისა, რომ სკოლა–სემინარი მხოლოდ ოთხი დღე გაგრძელდა, მონაწილეებმა აღნიშნეს,  ეს მცირე დროც საკმარისი იყო, რომ გაეგოთ ბევრი სიახლე, მოესმინათ თანამემამულე და უცხო ქვეყნის პროფესიონალებისთვის და სტუდენტებისთვის, შეეძინათ სამეცნიერო-კვლევითი უნარ–ჩვევები. სკოლა–სემინარზე გატარებული დრო ნამდვილად ნაყოფიერი იყო პროფესიული ჩამოყალიბების, კოლეგებთან ურთიერთობების დამყარების  და ინფორმირების თვალსაზრისით.

ზამთრის სკოლაში გატარებული დღეები საინტერესო იყო როგორც სტუდენტებისა და რეზიდენტებისათვის, ისე პროფესორ–მასწავლებლებისთვისაც.

მონაწილეებს გადაეცათ სამედიცინო ლიტერატურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სტუდენტისთვის, თუ პროფესიონალისთვის.

მესამე საერთაშორისო სკოლა–სემინარის დასკვნით ღონისძიებაზე ყველას გადასცეს სამახსოვრო საჩუქრები.