ეკოლოგიური მედიცინის პერსპექტივა საქართველოში

 

2014 წლის 22 თებერვალს თსსუ–ში სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია „ეკოლოგიური მედიცინის პერსპექტივები საქართველოში“ ჩატარდა. როგორც კონფერენციის ერთ–ერთმა ორგანიზატორმა, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა წევრ–კორესპონდენტმა, ადამიანის ეკოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა თეიმურაზ შენგელიამ მოხსენებაში აღნიშნა, ეკოლოგიური მედიცინის მეთოდები ახალი არ არის, ათასწლეულებია, რაც ადამიანი მკურნალობს ამ მეთოდებით. მაგრამ როგორც მიმართულება, ეკოლოგიური მედიცინა  XX საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა, როცა  რენე დრიუმომ პირველად შემოიღო ეს ტერმინი. ცივილიზაციამ, ეკონომიკისა და ტექნოლოგიების განვითარებამ, ურბანიზაციამ კიდევ უფრო დააშორა ადამიანი სამყაროს.  თანამედროვე ადამიანი გამოთიშულია სამყაროს აღქმისაგან, მისი ეკოლოგიური ეგო დათრგუნვილია.  მედიკოსები, თეოლოგები, ფიზიკოსები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანი და ნოოსფერო არ შეიძლება განვიხილოთ ცალ–ცალკე. ფიზიკურ დონეზე გამოხატული დაავადება  იმ პროცესების მანიფესტაციაა, რომელიც სამყაროში მიმდინარეობს. მედიცინის კლასიკური მეთოდები, რომლითაც ასე წინ წავედით XX საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, ვეღარ აკმაყოფილებს პათოლოგიურ ცვლილებებთან ბრძოლისთვის საჭირო მოთხოვნებს. ქიმიური მეთოდები ვეღარ არეგულირებს ჯანმრთელობას, მაშინ როცა ბუნებრივი მეთოდები, თუნდაც, ფიტოთერაპია შეიძლება, ძალიან ეფექტური იყოს. სწორედ ეკოლოგიური მედიცინის საკითხები გვინდა, წამოვწიოთ წინ. გაერომ 2001 წელს მიიღო ალტერნატიული კომპლემენტარული მედიცინის პროგრამა, მასში 150–ზე მეტი ქვეყანაა გაერთიანებული და სამწუხაროდ, საქართველო არ არის. გვინდა, არ ჩამოვრჩეთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესს, აქაც შეიქმნას ადამიანის ეკოლოგიის სამეცნიერო–სამკურნალო ცენტრი.

 

კონფერენციამ დიდი ინტერესი გამოიწვია თსსუ–ის სტუდენტთა შორის. როგორც თსსუ პრევენციული მედიცინისა და გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის მიმართულების ასოცირებულმა პროფესორმა, სამედიცინო ჰიგიენის ასოციაციის პრეზიდენტმა მარინა გიორგობიანმა აღნიშნა, ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, რომელიც დასაბამს მისცემს ეკოლოგიური მედიცინის განვითარებას საქართველოში. კონფერენციაზე განიხილებოდა საკითხები, რომლებიც არა მარტო საქართველოსთვის, მსოფლიოსთვის არის მნიშვნელოვანი: გარემოს გაჯანსაღება, ეკოლოგიური სამკურნალო საშუალებების დანერგვა და მოხმარება მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის. იმედია, მე და ჩემი კოლეგები ხელს შევუწყობთ გარემოს გაჯანსაღებას და საქართველოს წარმოჩინებას, როგორც ტრადიციული მედიცინის ფუძემდებელი ქვეყნისა, რომელიც ტრადიციებზე დაყრდნობით ახალ მიდგომებს გვთავაზობს. კონფერენციას ესწრებიან სტუდენტები, მაგისტრები... გამოცდილი ექიმები... ჩვენ ამისთვის ვიღწვით, რომ მომავალი თაობა იყოს მომზადებული ყველა სირთულის გასამკლავებლად. ახალი თაობა ძალიან განათლებული და მოტივირებულია, თსსუ–ში სწავლა მათი კიდევ ერთი მოტივაციაა, უდიდეს ტრადიციებზე დაყრდნობით იარონ წინ, პროფესიული სრულყოფისკენ. ეს მოტივირება წარმატების საწინდარია.

 

სამეცნიერო–პრაქტიკულ კონფერენციაზე „ეკოლოგიური მედიცინის პერსპექტივები საქართველოში“ მოხსენებები წაიკითხეს საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა წევრ–კორესპონდენტმა, ადამიანის ეკოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა თეიმურაზ შენგელიამ; ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა დიმიტრი კორძაიამ; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს ლაზერული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა ლუიზა მარსაგიშვილმა; მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა ია კავაძემ; თსსუ–ის  პრევენციული მედიცინისა და გარემოს ჯანმრთელობის დეპარტამენტის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის მიმართულების ასოცირებულმა პროფესორმა მარინა გიორგობიანმა; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს ბიოლოგიური მედიცინისა და ჰომოტოქსიკოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტმა თენგიზ ტერუნაშვილმა; მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა, საქართველოს ოზონოთერაპევტთა ასოციაციის წარმომადგენელმა ადა მჭედლიძემ,  ენერგო–ინფორმაციულ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის აკადემიკოსმა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა იგორ დოლიძემ; ექიმმა ჰომეოპათმა შორენა ხარებავამ, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ლელა გიორგობიანმა.