ზამთრის სკოლა ფიზიკაში – მნიშვნელოვანი სტუდენტებისთვისაც და ქვეყნისთვისაც

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  სამედიცინო ფიზიკისა და ბიოფიზიკის დეპარტამენტის ბაზაზე განხორციელდა პროექტი „ზამთრის სკოლა ფიზიკაში“ თემაზე  – „სადიაგნოსტიკო მეთოდებისა და სამედიცინო აპარატურის მუშაობის ფიზიკური პრინციპები“.

პროექტში მონაწილეობდნენ თსსუ-ის აკადემიური პერსონალი: პროფესორი თამარ სანიკიძე, რამინ ანთია (მოწვეული პედაგოგი), გიორგი ორმოცაძე (მოწვეული პედაგოგი, ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის რადიაციული უსაფრთხოების პრობლემათა განყოფილების ხელმძღვანელი), სალომე კიპაროიძე (მოწვეული პედაგოგი), ვახტანგ ცერცვაძე (მოწვეული პედაგოგი, სადიაგნოსტიკო-კვლევითი ცენტრის, თოდუას კლინიკის სამედიცინო ფიზიკოსი)  და უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტები: პროფესორი ნიკოლას პალიკარაკისი (პატრას უნივერსიტეტის სამედიცინო ფიზიკის  დეპარტამენტის პროფესორი, საბერძნეთი), პროფესორი დარელ ფიშერი (ჯანმრთელობის უსაფრთხოების ფიზიკის ასოციაციის პრეზიდენტი, აშშ), პროფესორი მარტინა ელასი (კრაკოვის იაგელონის უნივერსიტეტის ბიოფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი, პოლონეთი).

     

2014 წლის 20 თებერვალს პროექტის „ზამთრის სკოლა ფიზიკაში“  ფარგლებში ჩატარდა სხდომა. პროექტში მონაწილე თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და თელავის უნივერსიტეტების სტუდენტებს  მიესალმა პროექტის ავტორი, პროფესორი თამარ სანიკიძე. მან აღნიშნა, რომ ბირთვული და რადიაციული მედიცინის განვითარებასთან ერთად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს უსაფრთხოების სისტემების განვითარებასაც. ეს მედიცინის ხვალინდელი დღეა. სწორედ ამიტომ, საქართველოში მოიწვიეს მსოფლიო დონის სპეციალისტები, რომლებმაც სტუდენტებს გააცნეს საინტერესო კვლევები, თანამედროვე მიღწევები სამედიცინო ტექნოლოგიებში და მათი გამოყენების პერსპექტივები.

როგორც თსსუ–ის ვიცე–რექტორმა, პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა სხდომაზე აღნიშნა, ბირთვული ფიზიკა, მაღალი ტექნოლოგიები მედიცინის განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებს.  სტუდენტები, რომლებიც დღეს ამ პროექტში მონაწილეობენ, იმ თაობას წარმოადგენენ, რომელიც სამომავლოდ უდიდეს როლს შეასრულებს მედიცინის და სამედიცინო ტექნოლოგიების განვითარებაში. სასიხარულოა, რომ ამ პროექტის განხორციელება სწორედ თსსუ–ს ხვდა წილად, როგორც გამარჯვებული პროექტის ავტორს.  ჩვენ, ქართველებს, მიგვაჩნია, რომ აკადემიური მედიცინის აკვანი კოლხი მედეას სამშობლოში – საქართველოშია. ეს კიდევ ერთი მოტივაციაა იმისთვის, რომ ყველაფერი გავაკეთოთ მედიცინის განვითარებისთვის საქართველოში.

     

თსსუ მცდელობას არ აკლებს მომავალი ექიმების სრულყოფილ პროფესიონალებად ჩამოყალიბების საქმეს. ამიტომაც მისი ავტორიტეტი დღითიდღე იზრდება. აქ უკვე 1926 სტუდენტი სწავლობს 38 ქვეყნიდან. სასიხარულოა, რომ თსსუ თანამშრომლობს ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტთან. პროფესორმა რიმა ბერიაშვილმა მადლობა გადაუხადა როგორც ამ ინსტიტუტის თანამშრომლებს, ისე მოწვეულ სტუმრებსა და თსსუ–ს სტუდენტებსა და პროფესორ მასწავლებლებს გაწეული სამუშაოსთვის.

დღეს ტრანსლაციური პერიოდია და ყველაზე მეტად სჭირდება მედიცინას ფუნდამენტური მეცნიერებების კვლევები და გამოცდილება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, მომავალი 50 წელი დაეთმობა სამედიცინო ტექნოლოგიების დახვეწას, პროფესიულ, ბირთვულ და რადიაციულ უსაფრთხოებას.  

ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, დავით ნადარეიშვილის სიტყვით, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია ასეთი პროექტის განხორციელება, როგორიც თსსუ–მა განახორციელა. სამედიცინო ვიზუალიზაცია დიაგნოსტირებისთვის უმთავრესი საყრდენია, ამიტომ ტექნოლოგიების დახვეწა, მათი შესწავლა და უსაფრთხოების დაცვა მართლაც პრიორიტეტული თემაა ქვეყნისთვის.

სხდომას ესწრებოდა ჯანმრთელობის ფიზიკის ასოციაციის ექს–პრეზიდენტი, სამედიცინო ფიზიკოსთა ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტი, რადიალურ ონკოლოგთა ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტი არჩილ კაპანაძე. მან ისაუბრა თსსუ–ში ჩატარებული „ზამთრის სკოლის“ მნიშვნელობაზე, თემის „სადიაგნოსტიკო მეთოდებისა და სამედიცინო აპარატურის მუშაობის ფიზიკური პრინციპები“ აქტუალურობასა და საჭიროებაზე, ლექცია–სემინარებზე, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო სტუდენტებისთვის, არამედ პროფესიონალებისთვისაც.  ჯერ კიდევ 1964 წელს, სსრკ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ბრძანებით, ყველა პაციენტის ბარათში უნდა აღრიცხულიყო რადიოლოგიური გამოკვლევების რაოდენობა, ამისი საჭიროება აშკარა იყო. მერე ატომური აფეთქება მოხდა და რადიოლოგიური გამოკვლევების თემა აქტუალური აღარ იყო. 2010–12 წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში დადგა საკითხი პაციენტთა რადიოლოგიური გამოკვლევების დოზური რეგისტრაციისა. ამდენად მნიშვნელოვანია თემა, რომელსაც ამ დღეებში თსსუ–ში განიხილავენ. პირველ რიგში ექიმი უნდა იყოს ინფორმირებული, განათლებული, რომ პაციენტი გაარკვიოს ყველაფერში. სტუდენტების ამ კუთხით გათვითცნობიერება დიდი მნიშვნელობის ამბავია.

სიტყვით გამოვიდნენ: პროფესორი ნიკოლას პალიკარაკისი, პროფესორი დარელ ფიშერი, პროფესორი მარტინა ელასი. სამივემ აღნიშნა, რომ ძალიან კმაყოფილები იყვნენ სტუდენტთა დაინტერესებულობით, მაღალი აკადემიური მოსწრებით,  იმით, რომ თსსუ–მა ამ მნიშვნელოვანი ლექცია–სემინარების ჩატარების ორგანიზება შეძლო. მათ უახლესი კვლევები წარუდგინეს მსმენელებს და ისიც აღნიშნეს, რომ ამ ღონისძიებას არა მარტო სტუდენტებისთვის აქვს მნიშვნელობა, არამედ ქვეყნისთვისაც, რადგან ძალიან მნიშვნელოვან, პრობლემატურ და სამომავლო საქმეს ეხება.